ირაკლი კობახიძე, რომელიც რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ დღეს, 3 ივნისს, პირველად შეხვდა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს, ამბობს, რომ გაცვალეს მოსაზრებები. კობახიძის თქმით, მეორე შეხვედრა “მაქსიმუმ ზეგ დილამდე შედგება”, როცა უკვე პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ.

“დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა, სადაც გავცვალეთ მოსაზრებები, ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. თავიდანვე, შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ზეგ დილამდე, შედგება მეორე შეხვედრა, სადაც იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს. ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი, რომელიც მაქსიმუმ ზეგ დილისთვის შედგება. იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება ამ საკითხისთვის. ძალიან მგრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს, რომ ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მშობლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა მიხეილ სარჯველაძემაც. იგი თვეების განმავლობაში დიუშენის სამკურნალო წამლებთან დაკავშირებით მხოლოდ რისკების შესახებ საუბრობდა, ახლა კი ამბობს, რომ “ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს”.

“დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს და სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მშობლებს, ისინი ამბობენ, რომ შეხვედრა იმედის მომცემი იყო. მათს შეფასებებს უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე: