რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. მიზეზად უწყება სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით: „სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს სომხეთის ხელმძღვანელობის იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ისახავს მიზნად და ზიანს აყენებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ფარგლებში თანამშრომლობას.“
ბოლო პერიოდში ერევანი აქტიურად საუბრობს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებაზე, რასაც მოსკოვში კრიტიკულად აფასებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ ასტანაში მედიასთან განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება ავტომატურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სომხეთის სრულფასოვან მონაწილეობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და შესაძლოა გამოიწვიოს არსებული ეკონომიკური პრეფერენციების, შეღავათიანი ენერგომატარებლების, თავისუფალი ვაჭრობისა და სხვა უპირატესობების დაკარგვა. მიუხედავად ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი ამ ეტაპზე ЕАЭС-ის დატოვებას არ გეგმავს და ცდილობს, ევროკავშირთან დაახლოება და ევრაზიულ სტრუქტურებში წევრობა პარალელურად შეინარჩუნოს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
