„ქართულ ოცნებას“ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომლითაც მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭება.
კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოჭორიშვილი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს რამდენიმე დღეში მიიღებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა განისაზღვრება, როგორც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსისა, განეკუთვნება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის კატეგორიას, მიზანშეწონილია, მინისტრი, როგორც დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელი, ფლობდეს უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირის სტატუსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით გამოსწორდა ხარვეზი და 34-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მაკა ბოჭორიშვილისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება მისთვის ხელფასის გაზრდასაც გამოიწვევს, კერძოდ, რანგის შესაბამისი დანამატის სახით მისი ოფიციალური ანაზღაურება ყოველთვიურად 1 360 ლარით გაიზრდება. ამჟამად ბოჭორიშვილის ხელფასი 13 600 ლარია.
