ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზაზე უარი უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ალიმოვს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა.
ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა.
მან განმარტა, რომ რუსული დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ მიიწვია, რომელიც პირველი მაისიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს.
ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთი ვიზაზე უარის თქმას განიხილავს „არა მხოლოდ როგორც ვაშინგტონის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევად“, არამედ როგორც „ჩინეთის თავმჯდომარეობის მიმართ აშკარა უპატივცემულობად“.
გამოცემა “მედუზის” თანახმად, დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საგრძნობლად დათბა წინა ოთხ წელთან შედარებით. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვს არაერთხელ ეწვივნენ, შეერთებულმა შტატებმა კი დროებით მოუხსნა სანქციები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს (რომელიც ვლადიმერ პუტინმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა), რათა სახელმწიფო დეპარტამენტს მისთვის ქვეყანაში შესვლის ვიზის გაცემის საშუალება მისცემოდა. შედეგად, დმიტრიევი რამდენჯერმე გაემგზავრა შეერთებულ შტატებში და შეხვდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. თუმცა რუსული დელეგაციების ოფიციალურ წარმომადგენლებს პერიოდულად უარს ეუბნებიან ვიზებზე — ნებენზიას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიმოვს ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს.
