რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ  ბრიუსელის ბიუროკრატიის მიზანი ევროკავშირის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება კი არა, გაუარესებაა. ამის შესახებ მან „Sputnik“-ის ეთერში ისაუბრა.

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებაზე, არ დაესწროს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) სამიტს ყაზახეთში. წამყვანის კითხვაზე, დადგა თუ არა დრო, სომხეთმა არჩევანი გააკეთოს ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის, ზახაროვამ უპასუხა:

„ეს, რა თქმა უნდა, სომხური მხარის გადასაწყვეტია. მაგრამ, ჩემი აზრით, ფაშინიანი მუდმივად ამბობს, რომ საკუთარ თავს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან აიგივებს.“

მისი თქმით, სომხეთი „ევროპული ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების გარეშეც“, თუმცა ფაშინიანი საკუთარ თავს „ევროკავშირსა და ბრიუსელის სტრუქტურებს“ უკავშირებს.

„ბრიუსელის ბიუროკრატიის პრაქტიკული ამოცანაა, რომ მათი ქვეყნების მოქალაქეები უარესად ცხოვრობდნენ და არა უკეთ.“

მისივე თქმით, თუ ფაშინიანი საკუთარ თავს „ბრიუსელის ბიუროკრატიასთან“ აიგივებს, „სავარაუდოდ, ამგვარ მითითებებსაც იზიარებს“.

ამავე დროს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ევრაზიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ეფუძნება „თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და მონაწილე ქვეყნების ხალხებისთვის კონკრეტული სარგებლის მოტანას“.

„ეს თანამშრომლობა ღია, გამჭვირვალე და არადამანგრეველია. ის იძლევა რეალურ ბონუსებს, ამცირებს ხარჯებს და არ არის პოლიტიზებული“, – თქვა ზახაროვამ.