ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაშველები უკვე თითქმის ერთი დღეა ეძებენ რუსეთის მოქალაქეს, რეჟისორსა და სცენარისტს 52 წლის ანა ტიცს, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევს ჩატარებულმა სამძებრო ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ოპერაცია დროებით, შაბათს დილამდე შეჩერდა.

სამძებრო ზონის საერთო სიგრძე მდინარე დიდი ლიახვის გასწვრივ დაახლოებით 70 კილომეტრს მოიცავს.

ოსური მხარის ინფორმაციით, ძლიერი დინების გამო ქალი შესაძლოა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც აღმოჩენილიყო – ინფორმაცია უკვე გადაეცა ქართულ მხარესაც, რომელმაც სასაზღვრო მონაკვეთიდან გორის მიმართულებით სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა დაიწყო.

ცხინვალის ცნობით, ოპერაციაში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატებიც, რადგან მაშველების მუშაობას განსაკუთრებით ართულებს ბოლო დღეებში წყალდიდობების შედეგად მდინარეების მნიშვნელოვნად მომატებული დონე.

ცხინვალში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ანა ტიცი, რომელიც შემოქმედებითი ფსევდონიმით ზახარიანით იყო ცნობილი, დოკუმენტური ფილმის „Рæстдзинады фæндагыл“ („სიმართლისა და სამართლიანობის გზაზე“) სცენარის ავტორი და რეჟისორია. ფილმი ეძღვნება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე ოს მებრძოლებს. ანა ტიცი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ფილმის ჩვენებაში, რომელიც 21 მაისს ცხინვალის კინოკონცერტო დარბაზ „ჩერმენში“ გაიმართა.

ოსური მედიის შესაბამისად, ინციდენტი გუშინ საღამოს, ჯავის რაიონის სოფელ ზგუბირში მოხდა, სადაც ანა ტიცი კოლეგასთან ერთად სასეირნოდ იმყოფებოდა, როდესაც დაკიდებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა და მდინარის ძლიერმა დინებამ წაიღო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე აიყვანა.