რუსული დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემა The Insider აქვეყნებს ვრცელ გამოძიებას, რომელშიც ამტკიცებს, რომ კრემლი სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ გავლენის გასაძლიერებლად სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, პროპაგანდისტულ სტრუქტურებსა და პრორუს პოლიტიკურ ფიგურებს იყენებს.

გამოძიების მიხედვით, მოსკოვი ცდილობს არ დაუშვას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი პარტიის – „სამოქალაქო შეთანხმების“ გამარჯვება 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში, რადგან ფაშინიანმა ევროკავშირსა და აშშ-სთან დაახლოების კურსი აირჩია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ანტისამთავრობო საინფორმაციო კამპანიას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახლად შექმნილი სტრუქტურა – „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველო“ კურირებს. გამოცემის თანახმად, სომხეთის მიმართულებას ზედამხედველობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები – ვალერი ჩერნიშოვი და დმიტრი ავანესოვი.

The Insider ასევე ამტკიცებს, რომ სომხეთში აქტიურად მოქმედებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის, სამხედრო დაზვერვისა და ФСБ-ს წარმომადგენლები. გამოძიებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელ ალექსეი მიშლიავკინს, რომელსაც გამოცემა სომხეთში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის რეზიდენტად მოიხსენიებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ფაშინიანი რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ გახდა. გამოცემის მტკიცებით, მოსკოვში მას ოპერატიული ფსევდონიმი „ბოროდა“ („წვერა“) მიანიჭეს და მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება დაიწყეს.

გამოძიებაში ასევე საუბარია რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებზე, მათ შორის, როსსოტრუდნიჩესტვოსა და ერევნის „რუსულ სახლზე“, სადაც, გამოცემის მიხედვით, ახალგაზრდებზე პრორუსული გზავნილების გავრცელება მიმდინარეობს.

The Insider განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სომხურ ოპოზიციურ ფიგურებსაც. სტატიის მიხედვით, კრემლი ფსონს დებს მილიარდერ სამველ კარაპეტიანზე, რომელმაც საარჩევნო ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ შექმნა, რომელსაც ბრალად ედება „ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებისა და ფულის გათეთრება”.

გამოძიებაში მოყვანილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, The Insider-ის მტკიცებით, 1999 წელს კარაპეტიანის პასპორტის ფაილში „სამუშაო ადგილის“ გრაფაში მითითებული იყო „ФСБ-ის საინფორმაციო ცენტრი“. გამოცემასთან საუბარში რუსეთის შსს-ს ოპერატიული თანამშრომელი განმარტავს, რომ მსგავსი აღნიშვნა, როგორც წესი, გამოიყენება იმ პირებისთვის, რომლებიც ФСБ-ს კონტროლის ქვეშ არიან ან არაოფიციალურ ინფორმატორებად ითვლებიან.

სტატიაში ასევე ნახსენებია ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი. გამოცემა წერს, რომ იგი კრემლთან და პარტია „ედინაია როსიასთან” დაახლოებულ ფიგურად მიიჩნევა. The Insider იხსენებს, რომ წარუკიანი საბჭოთა პერიოდში ჯგუფური გაუპატიურებისა და ძარცვის საქმეზე იყო გასამართლებული, თუმცა მოგვიანებით რეაბილიტირდა.

გამოძიების ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აკვირდებიან სომხეთში გადასულ რუს მოქალაქეებსაც, რომლებიც უკრაინის ომისა და მობილიზაციის შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ და კრემლის კრიტიკოსებად მიიჩნევიან.

სტატიის ბოლოს The Insider წერს, რომ კრემლი სომხეთის არჩევნებს ერთ-ერთ მთავარ საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებად განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, გამოცემის შეფასებით, მოსკოვმა გავლენის ოპერაციებში მოლდოვასა და უნგრეთში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.