დღეს, 15 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

როგორც სიბიჰა აცხადებს, მათ საკითხთა ფართო სპექტრი განხილეს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სესიაზე შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს.

ჩვენი საუბარი იყო პირდაპირი გაგრძელება იმ დიალოგისა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ფართო სპექტრი, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში — კერძოდ, GUAM-ში — და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ სივრცეში, ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.

ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – წერს ანდრი სიბიჰა X-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანდრი სიბიჰასთან მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


უკრაინას და საქართველოს შორის ურთიერთობები, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო დაიძაბა, განსაკუთრებით კი გამწვავდა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან. თბილისი კიევს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა და უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოებს იყენებდა საარჩევნო პროპაგანდისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ინტერესებს წარმოადგენს და დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა მაღალჩინოსნები.

4 მაისს ერევანში ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

6 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ტელეფონით ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს და თქვა, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

ამასთან, უფრო ადრე, უკრაინამ საქართველოში დანიშნა ელჩი, რომელიც 4 წელი არ ჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია. ამის მიზეზად დაასახელა საქართველოდან „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

2023 წლის ივლისის შემდეგ უკრაინაში ელჩი არც საქართველოს ჰყავს. 2023 წლის 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო პროტესტი გამოუცხადეს. უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ელჩმა კიევი აღნიშნულიდან ორი დღეში დატოვა.