რუის-ურბნისის ეპარქია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ხედვებს აქვეყნებს.
„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ მიტროპოლიტ იობის პროგრამულ ხედვას:
„წარმოდგენილი საკითხები ეხება საეკლესიო ცხოვრების ძირითად სფეროებს, როგორიცაა ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა, სასულიერო პირებზე და მრევლზე ზრუნვა, თეოლოგიური განათლება, ლიტურგიკული წესრიგი და სხვა. მათ მოგვარებას სჭირდება კოორდინირებული ძალისხმევა, სინოდალური პასუხისმგებლობა და ეკლესიის კანონიკური ტრადიციისადმი ერთგულება, დროის საჭიროებებზე შემოქმედებით რეაგირებასთან ერთად. ეკლესიაში გამოწვევებზე საუბარი არ აკნინებს წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ბუნებას და არც თავად იერარქიას, არამედ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თამამად გასცეს პასუხი თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებს.
პირველი საკითხი ეხება ჩვენი ეკლესიის მშვიდობისმყოფელ და შემრიგებლურ როლს თანამედროვე საქართველოში. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვსხემობთ, დაცემული, შემუსვრილი და დაბნელებულია, სიკვდილსა და ცოდვას ემონება, ძალადობითა და უსამართლობით იგვემება. პოლარიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. პოლიტიკური, სოციალური და ღირებულებრივი განხეთქილება და დაყოფა სასიცოცხლო ენერგიას აცლის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ისედაც შეჭირვებულია სხვადასხვა პრობლემათა გამო. ჩვენს თვალწინ ადამიანები სულ უფრო მეტად ჰყოფენ სამყაროს „ჩვენებად“ და „მათებად“. დათმობა და შეთანხმება სულ უფრო რთულდება, ხოლო მშვიდობის, მიტევების, თანაგრძნობის სული, რომელიც საზოგადოებას ერთ მუშტად უნდა აკავებდეს -მყიფდება. ამ ფონზე ეკლესია — მოსახლების 80%-ზე მეტი ნდობით — განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე დგას. ეკლესიას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ უფლისგან ებოძა მშვიდობა და ეს მშვიდობა უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც წუთისოფელი აღუთქვამს ადამიანს. „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქვენ“ (იოან. 14:27). ამიტომ ეკლესიას შესწევს უნარი „დახსნას შუაკედელი იგი მტერობისა“ და ახაროს ზეცითგარდმო მშვიდობა „შორიელთა და მახლობელთა“. თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელიც გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფეს. 2:14) და წყარო არს მშვიდობისა, მცნებას გვაძლევს, რომ გვიყვარდეს არა მარტო მოყვასი, არამედ მტერი ჩვენიც, ხოლო ბასილი დიდი დასძენს: „არ ძალმიძს დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ურთიერთსიყვარულისა და ყველასთან მშვიდობის გარეშე ვიწოდო იესუ ქრისტეს ღირსეულ მონად, რადგან არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ქრისტიანისათვის, როგორც მშვიდობის ქმნა“.
წმიდა წერილი ამბობს: „ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი მტრობისა და ჟამი მშვიდობისა“ (ეკლ. 1:18). ჩვენ უნდა დავუდოთ საფუძველი სიყვარულის ჟამს, მშვიდობის ჟამს, შერიგების ჟამს, განბნეულთა შემოკრების ჟამს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს საყოველთაო შერიგების საქმეში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და მისია, რომელიც საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას. ეკლესია უნდა გახდეს სულიერი ხიდი სხვადასხვა ნაპირზე მყოფთათვის. დედა ეკლესიის წიაღში ურთიერთშერიგებისა და ურთიერთმშვიდობის გარეშე შეუძლებელია ერისა და ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვა.
ამ მხრივ, ფრიად ყურადსაღებია წმინდა პავლე მოციქულის შეგონება: „მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება სულაც გაანადგუროთ ერთმანეთი“ (გალ. 5:15). მაგრამ ეს ნუ იყოფინ ჩვენდა, არამედ დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა და ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რაითა ერი და ბერი ვიყვნეთ „ერთ ხორც და ერთ სულ“ და „ყოვლითა სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს ვიდებდეთ ურთიერთარს სიყვარულითა, რამეთუ ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუმოება, ერთ არს ნათლისღება“.
მეორე საკითხი — ეკლესიის წინაშე მწვავე გამოწვევად დგას სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების საკითხი.
ეკლესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ სულიერი ინსტიტუცია ვიწრო გაგებით, ის ყოველთვის ცხოვრობდა და მოქმედებდა კონკრეტულ სოციალურ სინამდვილეში. სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა მხოლოდ სინდისის დამამშვიდებელი ეთოსი კი არა, არამედ ხსნისთვის საჭირო საშუალებაა, ქრისტესთან ერთობის შეუცვლელი გზაა. უფალი პირდაპირ ბრძანებს თუ რა არის საჭირო ღმრთის სასუფევლის დასამკვიდრებლად: „მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითა მას მისთა“ მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“ (მათე 25:34-36). ამგვარად, შეუძლებელია ეკლესიამ არ იზრუნოს ღარიბებზე და გაჭირვებულებეზე და არ დაუთმოს მათ შესაბამისი ყურადღება, სხვა მხრივ ის ასცდება ყველაზე მთავარს, ზნეობისა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს.
ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე, უსახლკარობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ლუდომანია, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უმთავრესი და სერიოზული პრობლემებია. ეკლესიამ ამ ჯგუფებთან მჭიდრო და უშუალო სიახლოვე უნდა შეინარჩუნოს. საჭიროა სისტემური, კოორდინირებული, ეროვნული მასშტაბის სოციალური პროგრამების შემუშავება. ეკლესიის ორგანიზაციული შესაძლებლობები — სამრევლოები ქვეყნის ყველა კუთხეში – სოციალური სამსახურისთვის სრულად უნდა გამოიყენოს. კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რასაც ეკლესია გვერდს ვერ აუვლის, ქვეყნის შიგნით არსებული დემოგრაფიული პრობლემებია.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციისა და შობადობის კლების შედეგად. სოფლები იცლება, ახალი თაობა სამშობლოს ტოვებს, ქართული ოჯახი უფრო ნაკლებშვილიანი ხდება. ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ეკონომიკური პრობლემა არ არის — ის ასევე კულტურული და ფასეულობრივი ცვლილებების ასახვაა, რაც პირდაპირი შედეგია ღმრთისადმი გაუცხოებისა. თანამედროვე სეკულარულ კულტურაში ინდივიდუალიზმი, კარიერა, ცრუ თავისუფლების იდეა ხშირად ოჯახსა და შვილების გაჩენას უპირისპირდება. ამიტომ გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდის დაარსება. ფონდის ძირითადი მიზნები იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ღირებულებების, შობადობის, მშობლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
მესამე საკითხი — ჩვენი ეკლესიის მმართველობის განვითარებისთვის – საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა და მის დანიშნულება.
მოგეხსენებათ, რომ საკათალიკოსო საბჭო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე შეიქმნა, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, რადგან საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის უპრეცედენტო დევნამ შეუძლებელი გახადა საბჭოს ფუნქციონირება. საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, რომელიც დაკომპლექტდა 7 სასულიერო და 7 საერო პირისაგან, იქნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები. ამის აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში ეკლესია ეხება სფეროებს, სადაც სპეციალიზებული ცოდნაა საჭირო, საკათალიკოსო საბჭოს წევრებს გამოირჩევს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. საერთო ჩართვა საბჭოში უზრუნველყოფს უფრო მეტ კავშირს საზოგადოებასთან და აგრეთვე მეტ გამჭვირვალობას. საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სტრატეგიული გადაწყვეტილებანი აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარედგინება წმიდა სინოდს. საბჭო წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს სრულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საბჭო, განთავსდება მის ვებ-გვერდზე.
ასევე აუცილებელია საქართველოს ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების (1995წ) სრული გადახედვა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს წარმოშობილი ახალი კანონიკური, სამოძღვრო და ადმინისტრაციული გამოწვევებიდან. არსებული დებულებების უმეტესობა ან აღარ აკმაყოფილებს ეკლესიის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, ან არ წარმოადგენს მრავალ ბუნდოვანებებს, რომლებიც ქმნის განმარტებისა და პრაქტიკულ პრობლემებს. გარდა ამისა, თანამედროვე საეკლესიო რეალობა მოითხოვს სინოდალური ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ეკლესიის ორგანოების პასუხისმგებლობების დახვეწას და კანონიკური წესის უზრუნველყოფას. აქ მაგალითისთვის შესაძლოა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები აღინიშნოს:
- ეპისკოპოსების როლის წმიდად კანონიკურ ჩარჩოებზე მორგებას (მათი უფლებამოსილებები და ვალდებულებები და ეპარქიაში სრული თვითმმართველობის ჩამოყალიბება);
- მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის ჩამოყალიბება (როგორც ეს სხვა ეკლესიებში წარმატებით მუშაობს და რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება);
- საეკლესიო სასამართლოების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება (აუცილებელია, როგორც საეპისკოპოსო, ასევე სინოდალური და სააპელაციო სასამართლოების ჩამოყალიბება, ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების მიუკერძოებლად განსასჯელად და დასაცავად);
- სამონასტრო და სამრევლო ცხოვრების უფრო მეტად ორგანიზება და ა.შ.
ყველა ხვდება, რომ არსებული დებულება მრავალ საკითხს არათუ პასუხობს, არამედ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ქმნის გაყოფის საფრთხეს. ამ მიზეზით, საჭიროა შეიქმნას დადასტურებულად კომპეტენტური კანონისტების, ისტორიკოსებისა და თეოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის (თუ არა წლის) განმავლობაში სისტემურად შეიმუშავებს ახალ ან არსებითად გადახედილ მართვა-გამგეობის დებულებას, რომელიც დამყარებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა კანონებსა და სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე.
ამავდროულად აუცილებელია, რომ მას წინ უძღოდეს ფართო კონსულტაციები იერარქიასა და თეოლოგიურ წრეებში, რათა საბოლოო ტექსტი გამოხატავდეს ნამდვილ საეკლესიო კონსენსუსს და წარმოადგენდეს ეკლესიის მომავალი კურსის მყარ საფუძველს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს იმდენად (აკადემიურად და საეკლესიოდ) კომპეტენტური კანონისტები, თეოლოგები და ისტორიკოსები, რომლებსაც ჩვენ წმინდა იერარქიასთან ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ შეიმუშაონ ნამდვილად ძლიერი მართვა-გამგეობის დებულება.
ნაწილი მეოთხე — საეკლესიო სასამართლო.
მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედი და ამხილე მას…. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ანუ ორი სხვაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი …. უკეთუ მათიც არა იმისნოს, უთხარ კრებულს“ (მათე 18:15), ხოლო წმიდა პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „რა საქმე მაქვს გარეშეთა განკითხვასთან? თქვენიანები განიკითხეთ; ხოლო გარეშენი ღმერთმან განიკითხეს“ (1 კო. 14:33). წმინდა წერილის მოძღვრებანი ოქროს წესია და გვიჩვენებს სამეუფეო გზას საეკლესიო სამართლის წარმოებისა და მართლმსაჯულების აღმშენებლობისათვის.
საეკლესიო მართლმსაჯულებითი ორგანო, რომელიც სამღვდელოთა თუ ეკლესიის წიაღში მყოფ საეროთა დოგმატურ და ზნეობრივ გადაცდომებს, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს V-VI საეკლესიო კრების 88-ე კანონს“ „ყოველსავე შინა უფროის პატივ-იცემების კაცისა ცხოვნებაი და უვნებლად დაშთომაი“. საეკლესიო სასამართლო, რომლის აღდგენაც აუცილებელია საერო სასამართლოსგან განსხვავებით ვერ იქნება დამსჯელი, არამედ ისი სიმართლის გზიდან აცდენილთა განკურნებისა და აღზრდისთვის სიყვარულის გამოვლენაა. როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: „საყვარელო ძმებო, მე მსურს, გირჩევთ და გარწმუნებთ, რომ თუკი ეს შესაძლებელია, არავინ ძმათაგან წარწყმდეს, რომ დედა ეკლესიამ სიხარულით მიიკრას მკერდზე, ერთი სხეული, ერთიანი, ერთსულოვანი, ერი თვისი“.
აკრიბიითა და იკონომიით აღჭურვილი საეკლესიო სასამართლო მართებულად იწოდება „მადლისა და სიყვარულის“ სამართლად, რადგან მის მიზანსა და სულისკვეთებას წარმოადგენს რათა თითოეული ქრიტიანი — სამღვდლო თუ საერო „სრულქმნილ იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად განმზადებული“ (2 ტიმ. 3:17).
მეხუთე საკითხი — ლიტურგიკული საკითხების რეგულირება.
ლიტურგიკული ცხოვრება საეკლესიო არსებობის ბირთვია და სწორედ ამიტომ ღმრთისმსახურებაში ერთობასა და კანონიკურ წესრიგს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, პრაქტიკაში წმიდა მსახურების შესრულებისას არსებობს განსხვავებები, შეუსაბამოებები, ან თვითნებობაც კი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა ეკლესიის წრეებში და შეცვალოს ლიტურგიული ტრადიცია, ამ საკითხების რეგულირების აუცილებლობა არ არის მიმართული მკაცრი ერთგვაროვნების დაწესებისკენ, არამედ ტრადიციის ფარგლებში ერთობის უზრუნველყოფაზე. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ითვლება სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შემდგარი იქნება ლიტურგისტების, თეოლოგების, კანონისტების, ისტორიკოსების და ეკლესიის გამოცდილი მღვდელმსახურებისგან, რომელიც შეისწავლის არსებულ პრობლემებს და შეადგენს ერთგვარ „ლიტურგიკულ კოდექსს“, რომელიც აღნიშნული იქნება ახალ მართვა-გამგეობის დებულებაში და სინოდალურად დამტკიცებული.
თავად მართვა-გამგეობის დებულება ვერ მოიცავს ლიტურგიკული შინაარსის დადგენილებებს, თუმცა მასში რამდენიმე მუხლით გაკეთდება მითითება ახალ „ლიტურგიკულ კოდექსზე“, რომელშიც დეტალურად იქნება დაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც ერთფეროვნებას საჭიროებს. ამ კოდექსში უნდა იყოს შეტანილი ის ძირითადი დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ასევე ტიპიკონური შენიშვნის საკითხებს, ამ კოდექსის დებულებები უნდა ეხებოდეს კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების აღსაყდრების, დაკრძალვას და სხვა მნიშვნელოვან წეს-განგებებს. სხვა ადგილობრივი ეკლესიების გარდა შესაძლებელია გათვალისწინებულ იყოს ასევე საბერძნეთის ეკლესიის მაგალითი, რომელსაც ათასგვერდიანზე მეტი „საეკლესიო პროტოკოლის კოდექსი“ გააჩნია, სადაც ზედმიწევნით არის გაწერილი ყველა ეს დებულება.
ამგვარი კოდექსის შექმნა უნდა ეფუძნებოდეს დიდი სჯულის კანონსა და ლიტურგიკულ ტრადიციებს, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით და თან უნდა ახლდეს სასულიერო პირებზე შესაბამისი ინფორმაცია და მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სწორი და ერთგვაროვანი განხორციელება. საქართველოს ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ლიტურგიკული ტრადიცია გააჩნია, რომელსაც დადგენილებების მხრივ შეუძლია სრულყოფილად უპასუხოს მოთხოვნას.
მეექვსე საკითხი — საეპისკოპოსო მსახურება, როგორც უმაღლესი იერარქიული მსახურება, რომელიც უფალმა დაადგინა ეკლესიაში.
როგორც წმინდა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: „მღვდელმოძღვარი სახე არს ჩვენთვის ჯვარცმული და ვნებული უფლისა“, წმიდა პავლე მოციქული კი ბრძანებს: „უკეთუ ვისმე ეპისკოპოსობა უნდეს, კეთილსა საქმეს გული ეტყვის. ჯერ არს ეპისკოპოსისაი, რაითა უბრლო იყოს…. ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა ანგარ, არა საძაგლისშემძინელ, არამედ მყოდრო, ულალველ, ვეცხლისუყვარულ…. ნუ ახალნერგ, რაითა არა განლაღნეს და სასჯელსა და შევარდეს ეშმაკისასა, არამედ ჯერ არს მისა, რაითა წამებაიცა აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა შევარდეს საბრხესა ეშმაკისასა“
(2 ტიმ: 3:1-4).
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის სწავლებისამებრ: „ეპისკოპოსი ერთობაშია თავის სამწყსოსთან ისევე, როგორც ქრისტე მამასთან და ქრისტე ეკლესიასთან. სადაც არის ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია“. ეს არის საიდუმლო ეპისკოპოსის ერთობისა თავის ეკლესიასთან, თავის სამწყსოსთან.
მეშვიდე საკითხი — საეპისკოპოსო კანდიდატთა განმხილველი კომისია, რომლის დანიშნულება იქნება შეამოწმოს კანდიდატთა კომპეტენცია და დასკვნის სახით წარუდგინოს წმიდა სინოდს. ეს საშუალებას მისცემს წმიდა სინოდის წევრებს უკეთ გაიცნონ კანდიდატი და მეტად თავისუფალნი იყვნენ საკუთარ არჩევანში. მნიშვნელოვანია სასულიერო პირთა განათლების საკითხი, რომელიც გამოწვევად რჩება საქართველოს ეკლესიაში. დედა ეკლესიამ თავისი საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი მასწავლებლების — წმიდა მამათა პირით დააწესა სასულიერო პირთათვის გამოცდილების შეძენა არა მხოლოდ კეთილმორწმუნეობისა და ღმრთისმოსაობაში, არამედ ასევე განსწავლულობაშიც, წიგნიერ სიბრძნეში. არ არსებობს უფრო მეტი სიცრუე და ცილისწამება თქმული მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, თუ არა მისი გაიგივება ობსკურანტიზმსა და გნოსიმახიასთან.
სინამდვილეში ეკლესია მუდამ მოშურნეობით იღვწოდა სისტემური განათლების მოწყობის საკითხის მოგვარებისთვის, მაგრამ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტ სივრცე ყველაფერს ხელმისაწვდომს ხდის, ქრისტიანობის კრიტიკიდან ფსევდო-სულიერ მოძრაობებამდე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები „სულიერი მხარდაჭერის“ ილუზიას სთავაზობენ საზოგადოებას – თანამედროვე რეალობა დაჟინებით მოითხოვს სასულიერო პირის მომზადებას მაქსიმალურად ფართო, გონებრივი მსოფლმხედველობითა და სოციალური უნარით. ახლა როდესაც ეკლესიის მტრები მობილიზებას უწევენ თავის ყველა ძალას, მის წინააღმდეგ საბრძოლველად, განათლებული საერო პირთა ყოლა, რომლებიც გამოწრთობილნი არიან ინტელექტუალურად და მუდამ მზად არიან პასუხი გასცენ მრევლში არსებულ ახალ გამოწვევებს, უაღრესად დროულია.
თანამედროვე პირობებში, სადაც გამოწვევები რთული და მრავალფეროვანია, მარტივი საბაზისო განათლება საკმარისი არ არის, რადგან საქმე ეხება ადამიანის ცხონებას და მის კეთილდღეობას. სამოძღვრო ცხოვრებისათვის პრაქტიკულ მომზადებასთან ერთად საჭიროა სისტემური საუნივერსიტეტო უმაღლესი თეოლოგიური მომზადება. „სასულიერო პირთა კანდიდატების ცენტრის“ შექმნა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით მთავარი ინსტიტუტი, რომელიც შესთავაზებს კანდიდატებს ორგანიზებულ მეგზურს მთელი პროცესის განმავლობაში. პრაქტიკული ცოდნა მონასტრებსა და სამრევლოებში და თეორიული ცოდნა უნივერსიტეტებში. ასეთი ცენტრი ხელს შეუწყობს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას, ნაჩქარევ ხელდასხმის თავიდან აცილებას და საეკლესიო ცნობიერების უკეთ ჩამოყალიბებას.
ამავდროულად, საზღვარგარეთ ავტორიტეტულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა და სტიპენდიებით წახალისება გააძლიერებს სასულიერო პირთა თეოლოგიურ კომპეტენციას და საშუალებას მისცემს ეკლესიას სერიოზულად უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს. ამგვარ ცენტრს ექნება საბიუჯეტო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დაფინანსებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა მაქსიმალურად კომპეტენტური ცოდნა მიიღონ და პირნათლად ემსახურონ დედა ეკლესიას.
მერვე საკითხი — სასულიერო პირებისთვის ღირსეული ანაზღაურებისა და ადეკვატური დაზღვევის უზრუნველყოფა.
ეკლესიის გამართული ფუნქციონირების წინაპირობაა. ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით სოფლებსა და ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში სასულიერო პირები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით მაშინ თუ მათ მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის), რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათ პირად ცხოვრებაზე, არამედ მათი სამოძღვრო მსახურების ხარისხზეც. ორგანიზებული და სამართლიანი ხელფასების სისტემის არარსებობა ქმნის უთანასწორობასა და ზოგჯერ უსამართლო პრაქტიკის ფენომენებს. ამავდროულად, დაზღვევის (ჯანმრთელობის, საპენსიო) არარსებობა სასულიერო პირებს დაუცველს ხდის, განსაკუთრებით ავადმყოფობის ან სიბერის შემთხვევაში.
ამ საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერის ერთიანი, გამჭვირვალე და მდგრადი სისტემის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს სასულიერო პირების რეალურ საჭიროებებს და ეკლესიის შესაძლებლობებს. ცენტრალური ფონდის შექმნა, ეკლესიის ქონების რაციონალური გამოყენება და შესაძლებლობების შემთხვევაში, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
აქ აუცილებელია ის, რომ ამგვარი ფონდი სრულად კონტროლდებოდეს ეკლესიის მიერ და მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ სხვა ჩარევისგან, რომელსაც შეეძლება გავლენა მოახდინოს ეკლესიის პოზიციებზე. საქართველოს ეკლესიას დღეს დაახლოებით 2500-3000 სასულიერო პირი ჰყავს (მონაზვნების გამოკლებით), რომელთა ხელფასით უზრუნველყოფა არ უნდა წარმოადგენდეს ეკლესიისთვის დიდ გამოწვევას. მაგალითად, თუ თვიური ხელფასი განისაზღვრება სულ მცირე 1000 ლარის ოდენობით, წლიურად ეკლესიას ეს 36 მილიონი ლარი დაუჯდება. ამას უნდა დაემატოს მონასტრების დაფინანსება, რომელთათვისაც თვეში შესაძლებელია სულზე საშუალო 500 ლარი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამში 300 მონასტერი იქნება საქართველოში და თითო მონასტერში საშუალო 8 მონაზონი ცხოვრობს, წლიურად მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით სასულიერო პირებისა და მონაზვნებისთვის შესაძლებელი იქნება ღირსეული დაზღვევის უზრუნველყოფა.
მეცხრე საკითხი — აქტიური მსახურებიდან პენსიაზე გასულ სასულიერო პირზე ზრუნვა.
საეკლესიო პასუხისმგებლობისა და მათი წვლილის აღიარების აუცილებელი გამოხატულებაა. ამჟამინდელ ვითარებაში, ყოველთვის არ არსებობს სტაბილური და ორგანიზებული მხარდაჭერის ჩარჩო იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც ტოვებენ სამღვდელო მოვალეობებს და შედეგად უწყდებათ ხელფასის მიღებაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური დაუცველობა და გაჭირვება. ამ მიზეზით, აუცილებლად ითვლება სპეციალური საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სასულიერო პირების ღირსეულ ცხოვრებას, ეკლესიაში მათი ხანგრძლივი და ღირებული მსახურების აღიარებით.
თუმცა, ამ რეგულაციას თან უნდა ახლდეს მკაფიო კრიტერიუმები და პირობები. ის არ ეხება განკვეთის ან საეკლესიო სასჯელების, მაგალითად, მღვდელმოქმედების აკრძალვის შემთხვევებს, სადაც სასულიერო პირთა სტატუსი რეგულირდება კანონიკური სამართლით. მიუხედავად ამისა, წმინდა სინოდს ექნება შესაძლებლობა განიხილოს თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად და თუ სამოძღვრო თვალსაზრისით მიზანშეწონილად ჩათვლის, მიანიჭოს პენსია განსაკუთრებულ შემთხვევაშიც კი. პენსია უნდა იყოს უვადო, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და ღირსებას პენსიაზე გასული სასულიერო პირების ცხოვრებაში. გარდა ამისა, დაქორწინებული სასულიერო პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მიზანშეწონილია უზრუნველყოფილი იყოს მისი მეუღლისთვის ამ პენსიის გაგრძელება, იმ პირობით, რომ ის ცოცხალია, როგორც პატივისცემისა და საეკლესიო ცხოვრებაში მათი საერთო მსხვერპლის აღიარების ნიშანი.
ასეთი ფონდის შექმნა არ არის მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის ღონისძიება, არამედ სწორი ეკლესიური ცნობიერების თანმიმდევრულობის აქტია, რადგან ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია არ ტოვებს სასულიერო პირებს მათი აქტიური მსახურების დასრულების შემდეგაც კი. ფონდის წარმატებული ფუნქციონირება მოითხოვს ფრთხილ ფინანსურ დაგეგმვას, სტაბილური რესურსების მოძიებას და გამჭვირვალე მართვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და პენსიების სამართლიანი განაწილება.
თუ, მაგალითად, საშუალო პენსიად განისაზღვრება კვლავ 1000 ლარი, საქართველოს ეკლესიას, ჯამში, 200-ზე მეტი პენსიონერი სასულიერო პირი არ ეყოლება, შესაბამისად, მათი წლიური 2 მილიონ-ნახევარი ლარი იქნება. სასულიერო პირების ხელფასითა და პენსიით უზრუნველყოფა საქართველოს ეკლესიას წელიწადში საშუალოდ 54 მილიონი ლარი დაუჯდება.
ამ თემაზე:
საპატრიარქო კანდიდატმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პროგრამული ხედვა გაავრცელა
