საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ევროპარლამენტის მე-2 კრიტიკულ ანგარიშს საქართველოს, როგორც ევრიკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის შესახებ. უწყებაში აცხადებენ, რომ ანგარიში “სრულიად აცდენილია რეალობას”.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ “ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას”. გარდა ამისა, უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამგვარი დამოკიდებულება “არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ”.
“შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს.
ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.
მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.
მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას.
ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.
საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, 5 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.
ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ.
ამავე თემაზე:
