სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, კერძოდ, შალვა პაპუაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა უძღვება.

საქმის მასალებში დევს მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სადაც ვკითხულობთ, რომ „2026 წლის 3 აპრილს მოქ. გიორგი მაქარაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს“.

მანვე უპატაკა შემდეგ თავის ზემდგომს, ზურაბ ბიჭიაშვილს, რომ ფეისბუკის მეშვეობით მისთვის ცნობილი გახდა „შალვა პაპუაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი“.

[მკითხველს შევახსენებთ, რომ კორნელი კირცხალია ფიგურირებდა მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმეში. აღმოჩნდა, რომ სწორედ მასთან ინახებოდა ბექა გოცირიძის დანა, რომელსაც თავდაპირველად საქმეს არ ურთავდნენ და მეტიც, პროკურორი ამტკიცებდა, რომ ის არ არსებობდა.]

ის, თუ რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა გიგა მაქარაშვილმა შალვა პაპუაშვილს, საქმის მასალებში ილუსტრაციის, ე.წ. სქრინის სახით არის დართული.

მაქარაშვილი სხდომას არ დასწრებია. მის კედელზე ეს პოსტი არ იძებნება. მისი ადვოკატის, მიხეილ ზაქარეიშვილის განცხადებით, მაქარაშვილი ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

შსს-ს იურისტის, სალომე ქირიას მოთხოვნით, როგორც გიგა მაქარაშვილის პიროვნებისა და სამართალდარღვევებისადმი მიდრეკილების დასტური, საქმეს დაერთო დადგენილება, რომლითაც გიგა მაქარაშვილი მსგავსი ფაქტის გამო უკვე არის წარსულში სამართალდამრღვევად ცნობილი. მას 2025 წლის თებერვალსა და მაისში მამუკა მდინარაძისა და შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. მაქარაშვილი მაშინ 4000 ლარით დაჯარიმდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა შალვა პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ.

„შეურაცხყოფა არ არის ობიექტური რამ, შეფასებითია“, — ასაბუთებს ადვოკატი. მისი აზრით შალვა პაპუაშვილმა თავად უნდა დაადასტუროს, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„როგორ წარმოგიდგენიათ, მოვიდეს შალვა პაპუაშვილი და თქვას, რომ ეს არ ყოფილა მისთვის შეურაცხმყოფელი. ვერ დააფიქსირებს, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი არ იყო“, — პასუხობს ადვოკატ ზაქარეიშვილს შსს-ს წარმომადგენელი სალომე ქირია.

მოსამართლე არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას პაპუაშვილის მოწმედ დაბარების შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლოსთვის კონკრეტული მუხლის მიხედვით „არ აქვს მნიშვნელობა, ბატონ შალვას სიმშვიდე დაერღვა თუ არა“. სასამართლოს მაინც მოუწევს ამოსვლა შეურაცხყოფად მიჩნეული სიტყვის განმარტებიდან და ობიექტური გარემოებებიდან. 

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, ადევნება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 173-ე მე-16 პრიმა მუხლის სახით არის გაწერილი. რამდენადაც მაქარაშვილი ამ მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე სახდელდადებულია, ამჯერადაც, სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მას ან 2500 ლარიდან 6000 ლარამდე ფარგლებში ჯარიმას დააკისრებენ, ან 5-დან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვებენ.

ადვოკატმა ზაქარეიშვილმა მოსამართლე ჩაგუნავას მოუყვანა მაგალითები ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა. მათ შორის ისიც, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი გადაწყვეტილება, როდესაც საფრანგეთის სასამართლომ 30 ევროთი დააჯარიმა პირი პრეზიდენტ სარკოზის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. მსგავსად გამოხატული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

ადვოკატი მიხეილ ზაქარეიშვილი: “თუ ეს პოსტი მართლაც დაწერა გიგამ, აქვს შსს-ს ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით მიაყენა შეურაცხყოფა? სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს? სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით? პირადი უთანხმოება ხომ არ აქვთ გიგას და შალვას? შალვა პაპუაშვილმა რომ მეზობელს წყალი ჩაუშვას და იმან შეაგინოს, ეს ხომ არ ჩაითვლება შეურაცხყოფად?”

შსს-ს იურისტი სალომე ქირია: „ეს არ ყოფილა პირველი ფაქტი გიორგი მაქარაშვილის მხრიდან. არანაირი ეჭვი არ დაბადებულა, რომ ეს იყო უბრალოდ მოქალაქეობრივი დამოკიდებულება, ეს იყო ბატონი შალვას სამსახურებრივ მოვალეობასთან მიმართებით”.

მიხეილ ზაქარეიშვილი: “იმ პერიოდში რამე განცხადება ხომ არ გაუკეთებია შალვა პაპუაშვილს?”

სალომე ქირია: “საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ არ არის რელევანტური. ბატონი შალვას მიმართ ბატონ გიორგის აქვს ისეთი დამოკიდებულება, რაც შეიძლება ჩაითვალოს თანამდებობის პირის მიმართ”.

მოსამართლე ამთქნარებს.

გაგრძელება იქნება — საქმის განხილვა 7 მაისს გადაიდო. მოწმედ დაიკითხება კორნელი კირცხალია. მას მოუწევს იმ კითხვაზე პასუხის გაცემაც, რატომ არის დათარიღებული მის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი 15 აპრილით. მაშინ როცა საქმის მასალები სასამართლოს 14 აპრილს მიეწოდა. ადვოკატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ დოკუმენტი ყალბია. შსს ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.