“ლიდერობის ფაქტორი: როგორ ავითარებს ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის პარტნიორობა აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობებს” – აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიაგამოცემა trend.az ამჯერად ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის ფონზე ასეთი სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს. უკანასკნელ დღეებში გამოცემამ არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა აზერბაიჯანის და საქართველოს წარმატებულ ურთიერთობებს.
„როდესაც საუბარი ეხება სახელმწიფოთაშორის ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ საუბრობენ ინსტიტუტებზე, შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მექანიზმებზე“, თუმცა ამავე დროს, გამოცემა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შემთხვევაში „არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი – ადამიანური“, რაც რეალურად ლიდერების როლზე გადატანილი აქცენტია”, – წერს გამოცემა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ „ორმხრივი კონტაქტების დინამიკა შესამჩნევად დაჩქარდა“ და განსაკუთრებულად გამოყოფს კობახიძის პირველ საგარეო ვიზიტს აზერბაიჯანში.
სტატიაში ასევე ციტირებულია კობახიძის შეფასება, სადაც ალიევს მოიხსენიებს „რეგიონში განსაკუთრებულ და სამაგალითო ლიდერად“. პარალელურად, მოყვანილია ალიევის პოზიციაც, რომლის მიხედვით „აზერბაიჯან-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები შეიძლება სამაგალითო იყოს ყველა მეზობლისთვის“.
trend.az განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ილჰამ ალიევის როლზე და აღნიშნავს: „იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ დეკლარაციად არ დარჩეს, საჭიროა პოლიტიკური ნება უმაღლეს დონეზე“, „სწორედ აქ არის ილჰამ ალიევის როლი რთულად დასაფასებელი“.
“სწორედ ლიდერების შეთანხმებული ხედვა განაპირობებს მსხვილი პროექტების განვითარებას”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული ინიციატივები საჭიროებს „პოლიტიკურ თანმიმდევრულობას, რომელსაც ლიდერები უზრუნველყოფენ“, რაც ირიბად კობახიძის როლსაც უსვამს ხაზს, როგორც ამ პროცესში ჩართულ აქტორს.
ამავე კონტექსტში ხაზგასმულია შეხვედრების ინტენსივობა: ალიევმა ბაქოში არაერთხელ მიიღო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კობახიძე. გამოცემა ამას ხსნის იმით, რომ „ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტია აქტიურ ფაზაში, რომ კომუნიკაცია მხოლოდ წლიური სამიტებით შემოიფარგლოს“, რითაც მიუთითებს ურთიერთობების პრაქტიკულ და არა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათზე.
საბოლოოდ trend.az ტექსტს ასრულებს იმ დასკვნით, რომ ორივე ლიდერს საერთო სტრატეგიული აღქმა აქვს: ქვეყნები „დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ“ მსხვილ რეგიონულ პროექტებს და სწორედ ეს „საერთო გაგება წარმოადგენს დღეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების მთავარ მამოძრავებელ ძალას“.
დღეს, 6 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ცოლი მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეწვივნენ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
