“ქართული ოცნება” არ აპირებს გაითვალისწინოს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები. ეს აჩენს პერსპექტივას, რომ პარტიის ლიდერების მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმი გააქტიურდეს.
პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული ანგარიში არაობიექტური და მიკერძოებულია. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არ გამოიყენა შესაძლებლობა, შესულიყო პროცედურულ ორთაბრძოლებში მექანიზმის ამმოქმედებელ ქვეყნებთან და დაენიშნა საკუთარი ნდობით აღჭურვილი ექსპერტი, რომელიც მექანიზმის თანაავტორი გახდებოდა.
ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი სახალხო დამცველს ყოფილ მოადგილეს, იურისტ გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა.

გიორგი, დავიწყოთ კითხვით, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ “ქართული ოცნების” ლიდერები. რატომ მომზადდა ანგარიში ასე მოკლე დროში?
ეს მექანიზმი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოკლე პერიოდში უნდა მომზადდეს ანგარიში. არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ვადები გახანგრძლივდეს. არის შემთხვევები, როცა საქართველოსაც დაუჭერია მხარი ამ მექანიზმის გამოყენებისთვის და სწორედ ამ ვადებში დაწერილა ყოველთვის. გამონაკლისი არ არსებობს.
ვადები მკაცრად არის გაწერილი პროცედურებში და ეს არის ის ჩარჩო, რომელშიც ოპერირებენ. ეს [“ქართული ოცნების” რიტორიკა] არის პროპაგანდისტული მცდელობა იმისთვის, რომ ანგარიშის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენონ.
რაც შეეხება ექსპერტს, ვინც ანგარიშს წერს. როგორ ირჩევენ მას?
მოსკოვის მექანიზმისთვის ექსპერტთა სია წინასწარ არის განსაზღვრული. ექსპერტი უნდა აირჩეს წინასწარ განსაზღვრული სიიდან. ეს სია დგება სახელმწიფოების მიერ – ისინი პერიოდულად ახდენენ ექსპერტების ნომინირებას და შემდეგ ამტკიცებს ეუთო. პოლონელი ექსპერტი, პატრიცია გჟებიკი დამტკიცდა 2023 წლის ზაფხულში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვა პოლიტიკური პარტია იყო პოლონეთის ხელისუფლების სათავეში.
როდესაც ეს მექანიზმი აქტიურდება, ინიციატორმა სახელმწიფოებმა უნდა აირჩიონ ექსპერტი ამ სიიდან. ოღონდ ისეთი ექსპერტი უნდა აირჩიონ, რომელიც მექანიზმის ინიციატორი რომელიმე ქვეყნის ეგიდით არ არის ამ სიაში მოხვედრილი.
საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ექსპერტიც ჩაერთო დასკვნის მომზადების პროცესში? ეს პროცედურა განგვიმარტეთ.
სახელმწიფოს [ვის წინააღმდეგაც ამოქმედდება “მოსკოვის მექანიზმი”] რამდენიმედღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ თავისი ექსპერტი დანიშნოს. შემდეგ ეს ორი ექსპერტი უფლებამოსილია დანიშნოს კიდევ ერთი, მესამე ექსპერტი.
“ქართულმა ოცნებამ” ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. მათ არ დანიშნეს ექსპერტი, რაც ერთ მარტივ რამეს მიანიშნებს – ისინი ენდნენ ექსპერტს [პატრიცია გჟებიკის].
მე გადავავლე თვალი “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა სიას. “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 27 ექსპერტიდან შეეძლო რომელიმე შეერჩია [სწორედ ამდენი მოქმედი ექსპერტია ეუთოში, რომლებიც არ არიან ნომინირებული “მოსკოვის მექანიზმის” საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების ინიციატორი ქვეყნების მიერ]. ესენი არიან საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვეიცარიის და აშშ-ის ეგიდით წარდგენილი ექსპერტები. მათ შორის არიან ძალიან ცნობილი, გამორჩეული პროფესორები, ყოფილი მოსამართლეები და სხვა მაღალი სტატუსის და პროფესიული რეპუტაციის მქონე ადამიანები. ასე რომ, “ქართულ ოცნებას” დიდი არჩევანი ჰქონდა, თუკი მათ უკვე შერჩეული ექსპერტის სანდოობის მიმართ კითხვის ნიშნები ჰქონდათ.
თუმცა, სამწუხაროდ, უკვე შერჩეული ექსპერტის სანდოობაზე ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა დასკვნა გამოქვეყნდა და არ მოეწონათ. ეს მათ არგუმენტაციას ნაკლებად სარწმუნოს და ვალიდურს ხდის.
ირაკლი კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ მისი შეფასებით ანგარიში წინასწარ იყო დაწერილი და მათ ამის შესახებ იცოდნენ. რამდენად ლოგიკურია ეს არგუმენტი თქვენთვის?
თუ მექანიზმის ფარგლებში არჩეულ ექსპერტს არ ენდობი, ყველაზე მარტივია, რომ შენ აირჩიო შენთვის სანდო ექსპერტი. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ იმ ექსპერტთა სიაში სანდო არავინ არ არის? მე ჩამოვთვალე ქვეყნები, რომელთა ნომინირებული ექსპერტის არჩევა შეეძლოთ. კიდევ ერთხელ, ეს არის იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, აშშ-ის წარდგენილი ექსპერტები, სულ 27. მაშინ თქვან, რომ ამ სიაში ვინც არის, ყველა არის კონტროლირებადი ექსპერტი და არავის ენდობიან.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ როცა საქართველო მხარს უჭერდა ამ მექანიზმის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებით [ბოლოს საქართველომ მხარი დაუჭირა მექანიზმის გააქტიურებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიმართ], ისინი მაშინაც არაკეთილსინდისიერად მუშაობდნენ?! თვითონ [ირაკლი კობახიძე] როგორ უჭერდა მხარს ამ მექანიზმის გამოყენებას სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით? ეს მსჯელობა არასერიოზული და აბსურდულია.
თვითონ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს მექანიზმი მიკერძოებულად არ მუშაობს – მათ [ექსპერტებს] აქვთ პრინციპები, აქვთ მეთოდოლოგია, აქვთ პროცედურები და არ ხდება ისე, რომ ვიღაცას ვიღაცამ რაღაცა სთხოვოს და ისე დაწეროს.
პოლონელ ექსპერტს აქვს თავისი რეპუტაცია, თავისი სახელი, ეუთოს მანდატის ქვეშ მოქმედებს და ეს ყველაფერი განაპირობებს ამ დოკუმენტის, ამ დასკვნის სანდოობას. ეს [კობახიძის განცხადება] არის მცდელობა, რომ მოხდეს სიმართლის პოლიტიკური დამახინჯება.
თუ დავუჯერებთ კობახიძესა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების მტკიცებას იმის შესახებ, რომ დასკვნა “წინასწარ იყო დაწერილი” და პოლონელი ექსპერტი იყო მიკერძოებული. მაშინ რატომ ითანამშრომლეს მასთან? მხოლოდ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რატომ დაიწყეს მისი კრიტიკა? შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოლოდინი ჰქონდათ და რადგან ასე არ მოხდა, შემდეგ გადაწყვიტეს ექსპერტისა და მთელი პროცესის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება?
გამიჭირდება მაგაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ჰქონდათ მცდელობა, რომ რაღაცებში დაერწმუნებინათ [ექსპერტი]. მაგრამ იმდენად ყვირის სიმართლე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ საქართველოში, რომ ბუნებრივია, მათი მცდელობა ფუჭი იქნებოდა. ზუსტი მოტივის გარკვევა სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან. წარმოდგენა არა მაქვს, რა იდეები ჰქონდათ, ან აქვთ თავში.
რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ თუ სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაქვს, ეს უნდა დააზღვიო შენი დანიშნული ექსპერტის ჩართვით, რაც არ გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ნდობა გამოუცხადეს [პოლონელ ექსპერტს]. ნდობის გამოცხადება, დამატებით, იმაშიც გამოიხატა, რომ შეხვდნენ, დაელაპარაკნენ და ითანამშრომლეს მასთან. ოღონდ, თუ ეთანამშრომლები, ეს იმასაც გულისხმობს, რომ როცა დასაბუთებული პასუხი დაიწერება, უნდა მიიღო.
ზოგადად, “ქართული ოცნება” მიჩვეულია, რომ პროპაგანდით უნდა კვებონ ადამიანები. ამიტომ ცდილობენ, რომ პროპაგანდისთვის ხელჩასაჭიდი, ფსევდოპროცესები შექმნან და შემდგომ მოახდინონ მისი კაპიტალიზება – პროპაგანდისტული საბურველით ამის კვება. ამიტომ, ჩემი აზრით, ამით ელემენტარული მოძრაობა აჩვენეს – აი, ჩვენ ვითანამშრომლეთ. თუმცა საბოლოოდ მასზე დააშენეს პროპაგანდისტული ნარატივები, რასაც ხშირად აკეთებენ.
დაბოლოს, რა სამომავლო განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობას?
ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ინიციატორ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, გაააქტიურონ საერთაშორისო მექანიზმები. ეს შეიძლება იყოს დავა ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს გაეროს მექანიზმის გააქტიურება, ისევე როგორც უნივერსალური იურისდიქცია.
“მოსკოვის მექანიზმი” არის საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამოსაძიებლად. ის სულ 17-ჯერ არის გამოყენებული, საქართველოს ჩათვლით. ეს მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ ბოლო 4 წელში – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – 4-ჯერ გამოიყენეს.
ამავე თემაზე:
