შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა/შენახვის ბრალდებით 51 პირი დააკავეს.

„გასული 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები – სულ დაკავებულია 51 პირი.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.