პროკურატურის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქემ, ე.წ. თაღლითური პირამიდის გამოყენებით, საქართველოს 56 მოქალაქე მოატყუა და, ჯამში, 394 853 ლარი მიითვისა. მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი საქართველოში არ იმყოფება.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, პლატფორმა mindraygel1.com-ის გამოყენებით, საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღებას სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა.
რეალურად, საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოსდა ინვესტირება წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც უკანონოდ დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით, ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება დაუსწრებლად დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა მუშაობს აღნიშნული პირის ადგილსამყოფლის დადგენასა და მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხზე.
