საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმის სამოქალაქო ნაწილში მისთვის დაკისრებულ 9 მილიონამდე ლარს საქართველოს უნივერსიტეტს უკავშირებს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ისაუბრა.

სააპელაციომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ 9 მილიონის გადახდა დაეკისრათ.

“სინამდვილეში, ეს არის მცდელობა გავიდნენ დედაჩემზე. იმიტომ, რომ დედაჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი […] მთელი ისტორია, რაც ეხება ამ პროცესს, ეს არის პროცესი კიდევ ერთი, ძალიან მაგარი უნივერსიტეტის დახურვის საქართველოში […] ჩემი ქონება შედგება 75 კვადრატული მეტრის სახლისგან, ერთ-ნახევარი ჰექტარი ვენახისგან, კიევში მაქვს ძალიან მოკრძალებული სახლი, მაგრამ იმას ესენი ვერ მისწვდებიან”, – სააკაშვილის ამ განცხადებას TV პირველი ავრცელებს.

ამავე ტელევიზიასთან საუბრისას ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია, მისი შვილის განაჩენის გამო მისი უნივერსიტეტი დააყადაღონ.

“არანაირ კავშირში ამ ჩემი შვილის საქმიანობასთან ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა დ არ არის. ყველაფერზე არსებობს საბუთი – უნივერსიტეტს თავისი ბუღალტერია აქვს, თავისი დოკუმენტაცია. კანონითაც, მე მგონი, ეს [უნივერსიტეტის ქონების დაყადაღება] შეუძლებელია. ამ კანონის მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს, შეუძლებელია, მაგრამ ისე ყველაფერი შესაძლებელია”, – ამბობს გიული ალასანია.

“საქართველოს უნივერსიტეტი ამათ უკვე დიდი ხანია ყელში ეჩხირებათ. იმიტომ, რომ ეს არის წარმატებული, მოწინავე, პროგრესულად მოაზროვნე ხალხის უნივერსიტეტი […] იქიდან გამომდინარე, რომ ეს უნივერსიტეტი ასე აქვთ ყელში გაჩხერილი, ალბათ, მიზანში ამოიღებენ სწორედ ამ სასწავლებელს”, – უთხრა TV პირველს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

რამდენიმე თვის წინ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა “უკანონოდ ჩამორთმეული ქონების” დაბრუნების მოთხოვნით. ის ამტკიცებს, რომ 18 წლის წინ ქონება, რომელიც ტენქიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, უკანონოდ გადასცეს იმდროიდნელ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მათ მფლობელობაში არსებულ ქონებაში თავის დროზე 4 მილიონამდე ლარი აქვთ გადახდილი.

გარდა დავით გურგენიძისა, ამ საკითხს არაერთხელ შეეხნენ “ქართული ოცნების” ლიდერები. საქართველოს უნივერსიტეტისტვის ქონების გადაცემაზე საუბარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა შეისწავლა. კომისიის ვერსიით, წინა ხელისუფლების დროს სტუ-ის ქონების ნაწილი ჩამოართვეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დაარსებულ “საქართელოს უნივერსიტეტს” გადასცეს.

ამავე თემაზე: