ორშაბათს, 9 მარტს, თურქეთმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა. ეს ბოლო ხუთი დღის განმავლობაში უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
„ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განლაგებულმა ნატოს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა გაანეიტრალეს.
საბრძოლო მასალის ნამსხვრევები გაზიანთეპში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, გადამწყვეტად და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული ყველა საჭირო ზომა. ასევე განმეორებით ვაცხადებთ, რომ ამ საკითხში თურქეთის გაფრთხილებების გათვალისწინება ყველას ინტერესებში შედის“, – აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები დაიწყო, ირანმა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსაფრთხოების ყველა ზომა აამოქმედეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
„თურქეთი მკაცრად იმეორებს გაფრთხილებას ყველა მხარის, კერძოდ კი ირანის მიმართ, რათა თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან მოსახლეობას“, — აღნიშნა ბურჰანეთინ დურანმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რამდენიმე საათით ადრე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ირანს არ განუხორციელებია თავდასხმები თურქეთის, აზერბაიჯანის ან კვიპროსის წინააღმდეგ. ამით მან ძალაში დატოვა თეირანის პირვანდელი პოზიცია, რომელიც უარყოფს მეზობელი და „მეგობარი“ თურქეთის მიზანში ამოღებას.
The New York Times, აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გასულ კვირას იტყობინებოდა, რომ ჭურვის სამიზნე, შესაძლოა, ინჯირლიქში მდებარე ნატოს საკვანძო საჰაერო ბაზა ყოფილიყო.
თურქეთი ირანთან ომში მეტწილად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა ქვეყანაში დისლოცირებულნი არიან ამერიკული ჯარები. ნატოს საჰაერო ბაზა ინჯირლიქში, თურქეთის სამხრეთით მდებარე ადანის პროვინციაში მდებარეობს.
აშშ-ის მონაცემებით, იქ დაახლოებით 1500 სამხედრო პერსონალია განთავსებული, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან სამხედრო ჰაბად ითვლება.
ანკარაში აშშ-ის საელჩომ ორშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ურჩია არაკრიტიკულად მნიშვნელოვან პერსონალს, დატოვონ ადანის საკონსულო, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთიდან გასვლისკენ მოუწოდა.
ნატომ განაცხადა, რომ გააძლიერა თავისი ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციები, რადგან ირანმა რეგიონში დარტყმები გაახშირა.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ რაკეტა ესპანელმა სამხედროებმა დააფიქსირეს, რომლებიც ინჯირლიქში Patriot-ის სარაკეტო ბატარეას მართავენ.
მისივე თქმით, მათ აღმოაჩინეს და შეატყობინეს სარაკეტო თავდასხმის შესახებ, თუმცა რაკეტა თავად მათ არ ჩამოუგდიათ.
