აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული სამხედრო გემი ჩაძირა.

ჰეგსეთის თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევა იყო.

„ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელსაც ეგონა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იმყოფებოდა“, — განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საუბარია ირანის სამხედრო გემზე „სოლეიმანი“, რომელსაც სახელი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის პატივსაცემად დაერქვა. სოლეიმანი აშშ-ის ძალებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს მოკლეს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მას ორჯერ მისწვდა“, — თქვა ჰეგსეთმა სოლეიმანის შესახებ.

ამასთან, ჰეგსეთმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია ოთხი დღის შემდეგ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

„4 დღეა ოპერაცია მიმდინარეობს და ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამერიკა გამარჯვებისთვის იბრძვის… როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, უფრო და უფრო დიდი ტალღები მოდის. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ჩვენ ვაჩქარებთ პროცესს და არ ვანელებთ. ირანის შესაძლებლობები ყოველ საათში ქრება, მაშინ როცა ამერიკის ძალა უფრო მძაფრი, უფრო გონიერი და სრულად დომინანტური ხდება“, — განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, სამხედრო მოქმედებების შემდეგი ფაზის მიზანია აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ „ირანის ცაზე სრული კონტროლის“ აღება, რაც „ერთ კვირაზე ნაკლებ დროში“ მოხდება.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ასევე განაცხადა, რომ ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“.

„აშშ-ის ძალები ირანის ტერიტორიაზე თანდათანობით უფრო ღრმა დარტყმებს განახორციელებენ“, — თქვა კეინმა.

მისივე თქმით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გასროლა საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღიდან 86%-ით შემცირდა.


28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე.

პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები.