საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, შპს “ეკო მედიკალ ჯგუფის” და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემოს” დირექტორმა მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.
სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
TV პირველის ინფორმაციით, საუბარია იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე კლინიკებიდან ხვდებოდა სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს ამპუტირებული ნაწილები, რაზეც მოსახლეობა წუხდა. მოსახლეობა ამბობს, რომ თავდაპირველად ყურადღება მძაფრმა სუნმა მიიქცია. მოგვიანებით კი შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოტანილი ამპუტირებული სხეულის ნაწილებს აქ უკანონოდ ყრიან.
