ნათია გვიანიშვილი, რომელიც უკვე ბევრი წელია შვედეთში ცხოვრობს, ეხმაურება “ქართული ოცნების” პროპაგანდას, რომელმაც ბოლო დღეებში ეს ქვეყანა ამოიღო სამიზნეში. “ოცნების” პროპაგანდა საუბრობს იმის შესახებ, რომ შვედეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, კრიმინოგენური მდგომარეობა უარესდება და ა.შ.
ავტორი: ნათია გვიანიშვილი, შვედეთში მცხოვრები ქართველი
მოკლედ, მე, როგორც შვედეთში მცხოვრები ქართველი, რეალურ ფაქტებსაც შეგაშველებთ.
ეკონომიკური მდგომარეობა შვედეთში უარესია, ვიდრე იყო, ინფლაციის გამო, რომელიც პანდემიამ და პუტლერის ომმა გამოიწვია (სხვა ფაქტორებთან ერთად). მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, შვედეთის ცენტრალური ბანკი კარგად მართავს სიტუაციას და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელმაც ინფლაციის პირობებში შვედებისთვის უჩვეულოდ მაღალ ზღვარზე აიწია (დაახლოებით 4% ), ახლა 1,75%-ზეა.
ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი შედეგი, რაც ამას მოჰყვება ხოლმე (ეკონომისტი არ ვარ და ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარ ყოველთვიურ შემოსავლებზე გრძნობს ამას), არის ის, რომ ბანკები ისევ დაბლა წევენ სესხების, მათ შორის – იპოთეკური სესხების პროცენტს.
ჩემი იპოთეკის პროცენტი, რომელიც ინფლაციის პირობებში 4%ზე მაღალი იყო, ახლა 3.15%-ზე ჩამოვიდა და არის შანსი, რომ მომავალ წელს, თუ ყველაფერი სტაბილურად იქნება, ბანკს მოლაპარაკების დროს კიდევ დავაწევინებ.
3.15%-იანი იპოთეკური სესხი, მეგობრებო, რომელიც ინფლაციამდე 1-1.50% იყო.
უმაღლესი განათლება შვედეთში უფასოა და სტუდენტებს შესაბამისი სესხი ეძლევათ, რომელიც შეიძლება იდეალური არაა, მაგრამ სხვა შეღავათებთან ერთად საკმარისია, რომ ადამიანმა ისწავლოს, იცხოვროს და მინიმალური მცირე სამსახურით (კვირაში რამდენიმე საათი მიმტანად, ან კონსულტანტად ,მაგალითად) შემოიფარგლოს, თუ მაინცდამაინც სჭირდება. ანუ სტუდენტი, რომელიც მთელი დღე მუშაობს, მერე ღამე მეცადინეობს და ლექციაზე დაღლილობისგან გული მისდის, აქ რეალობა არაა. არც გაუარესებულ ეკონომიკურ პირობებში.
დაამატეთ ამ ყველაფერს (მადლობა პროფკავშირებს):
- მსუყე დეკრეტული შვებულება,
- მსუყე ანაზღაურებადი შვებულება,
- სამსახურში სიცხიანმა და მომაკვდავმა რომ არ უნდა იარო და წესიერ ბიულეტენს იღებ, როცა გჭირდება,
- უმუშევრობის ბენეფიტები,
- ძალიან კარგი და სტაბილური სამუშაო პირობები, რომელიც საშუალებას გაძლევს არ იყო მუდმივ ტერორში, რომ გაგაგდებენ.
ჯანდაცვაც უფასოა, მეგობრებო. და გაცილებით უკეთესი, ვიდრე საქართველოში. ისევ მემარჯვენე მთავრობების გამო გართულდა სპეციალისტ ექიმებთან მოხვედრა (მათ შორის, კადრების სიმცირის გამო და იმის გამო, რომ კერძო კომპანიები კერძო დაზღვევების მქონე მდიდარი და შეძლებული კლიენტებისთვის რიგში ადგილებს ყიდულობენ), მაგრამ ჩემს ოჯახის ექიმთან სულ რამდენიმე დღეში აღმოვჩნდები ხოლმე, როცა მჭირდება. გარდა ამისა, ტელეფონით შემიძლია მასთან კომუნიკაცია, როცა ფიზიკურად მისვლის საჭიროება არ არის. ასევე, იმ რეგიონებში და ქალაქებში, სადაც მემარცხენე პარტიებს აქვთ მმართველობა, სიტუაცია უმჯობესდება იმიტომ, რომ თაღლით კერძო კომპანიებს აღარ უტოვებენ ბევრ სივრცეს საბოგინოდ.
კრიმინალი? კი, იყო აქ ერთი პერიოდი, გარჩევები ბანდებს შორის, მაგრამ ერთი წამით არ მიგრძვნია თავი ისეთ საფრთხეში, რომელსაც თბილისში ვგრძნობ ხოლმე, სადაც მთვრალი ან უბრალოდ უდიერი მძღოლით დაწყებული, დანიან-პისტოლეტიანი ტიპებით დამთავრებული, შეიძლება ნებისმიერს გადააწყდე. შვედეთში სიტუაცია კარგა ხანია უკვე ჩაწყნარებულია. და აღარც სროლები და აღარც აფეთქებები აღარ ხდება.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეკონომიკა, ჯანდაცვა, შრომითი უფლებები და განათლება არის ის თემები, რომელზეც პოლიტიკოსებს უწევთ პასუხი. პოლიტიკოსებს აქვთ კონკრეტული პროგრამა და ღიად საუბრობენ, რაში ხედავენ პრობლემას და რაში გამოსავალს. ესაა ის საკითხები, რომლებსაც არჩევნების დროს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოკლედ, არსი ის კი არ არის, რომ შვედეთი უნაკლოა. არა! ყველგან, სადაც ადამიანი არის, პრობლემები ბლომადაა. აქაც რასიზმი, დრაკონული მიგრაციის პოლიტიკა და კერძო კომპანიების ბოგინი ძალიან ართულებს სიტუაციას – სწორედ ამიტომ ვაპირებ მე, მაგალითად, არჩევნებში მემარცხენეებს მივცე ხმა.
არსი ისაა, რომ არანაირ სტატისტიკას ამ კაცის [“ოცნების” წევრი] ბოდვა არ ეფუძნება. ესაა პოპულიზმი და პროპაგანდა, რომელიც სიმართლის მცირე მარცვალს აიღებს და ზედ მითებს დაახვევს ხოლმე.
ამ დროს საქართველოში ხალხი სიღარიბესა და ავადმყოფობაში ღაფავს სულს.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას.
