“როგორც იურისტს, მქონდა მოლოდინი, რომ ყაველაშვილს მზია უნდა შეეწყალებინა. არა იმიტომ, რომ მზიას რაიმე ჰქონდა შესაწყალებელი, არამედ იმიტომ, რომ ეს მათ [“ქართული ოცნების”] ინტერესებში უფრო შედიოდა”, – ეს განცხადება მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

მაია მწარიაშვილის თქმით, თავად მზიასთვის, როგორც პატიმრისთვის, შინაგანი კომფორტი უფრო მეტია, როცა მას არანაირი კავშირი არ აქვს შეწყალების თხოვნასთან.

“მან წერილობითაც კი დაადასტურა: „მე არ ვითხოვ შეწყალებას“. მე გამიკვირდა, ეს დოკუმენტი რომ ვნახე და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს მისი ინიციატივით იყო დაწერილი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მჯეროდა, რომ ისინი ეცდებოდნენ [შეწყალებას და] სახის შენარჩუნებას და იმ ილუზიის შექმნას, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები ჯერ კიდევ არსებობს”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა და დასძინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არ არსებობს პრეცედენტი, როცა მსგავსი ქმედებისთვის (სილის გაწვნა) სასამართლოს თავისუფლების აღკვეთა გამოეყენებინოს.

მისი თქმით, ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმასაც ან შინაპატიმრობასაც, თუმცა მზიას შემთხვევაში გამოიყენეს ყველაზე მკაცრი ზომა — ორი წლით პატიმრობა.

“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა”, – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება იმას, რა მოსაზრება ჰქონდა მზია ამაღლობელს ყაველაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაია მწარიაშვილი ამბობს:

“მე არ მინახავს ჯერ მზია, იმ კვირაში ვაპირებ მოვინახულო. თუმცა ჩემმა კოლეგა ადვოკატმა მოინახულა მზია მეორე დღეს და შინაგანად ეს ადამიანი არის ძალიან მყარად… საოცარი შინაგანი სიმშვიდის ადამიანია. ამ ვნებათაღელვამ შეწყალებასთან დაკავშირებით მასზე არანაირად არ იმოქმედა. მან იცის, რა საზიზღარ სისტემასთან აქვს საქმე. უფრო მეტად იცის, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვქონდა მოლოდინი”, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.