აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების თემას.

„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ შენ მოაგვარე ეს ომი. მე ამ ომის მოგვარებას 10 წლის განმავლობაში ვცდილობდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში ომობდნენ. საბოლოოდ კი ორივე ქვეყანა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე. შესანიშნავ ოვალურ კაბინეტში. ახლა ის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „მე აზერბაიჯანის ლიდერი 22 წლის განმავლობაში ვიყავი. ამ 22 წლის განმავლობაში მე ვხოცავდი მის ხალხს“. ხოლო მეორე ჯენტლმენმა, ორივე ძალიან კარგი ბიჭია, თქვა: „მე აქ უკვე 7 წელია ვარ და ამ 7 წლის განმავლობაში მე ვხოცავდი მის ხალხს“. იმ დროისთვის, როცა შეხვედრა დავასრულეთ, ისინი უკვე ერთმანეთს ეხუტებოდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. შეთანხმების შესაბამისად, აშშ იღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან – ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.