“3 შვილის დედას ტროტუარზე დგომის გამო უპირებენ სისხლით დაჭერას!”, – ამ ცნობას ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
საუბარია სამოქალაქო აქტივისტზე, ანა ბდეიანზე, რომელიც სამანქანო გზის გადაკეტვის საბაბით სასამართლოს ერთხელ უკვე ჰყავს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი წარსულში. ახლა შსს მის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ტროტუარზე დგომისთვისაც ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული საქმე შეწყვიტა და შსს-ს გადასცა რეაგირებისათვის. ანუ მის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ.
2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც შსს-ს მიეცა შესაძლებლობა, დასჯადი გახადოს ტროტუარზე პროტესტიც – „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე. მოსამართლის ლოგიკა სავარაუდოდ ასეთია, რადგანაც ანა ბდეიანს მანქანების სავალი გზის გადაკეტვაზე წარსულში უკვე ჰქონდა ჯარიმა შეფარდებული, ტროტუარის წესის “დარღვევას” და მანქანების სავალი გზის გადაკეტვას ერთი და იგივე ქმედებად აკვალიფიცირებს და სამართალდარღვევის განმეორებაზე აქვს ეჭვი, რაც უკვე სისხლის სამართლით ისჯება.
“ნეტა, როგორ მოხდა, რომ ასე განსხვავებულად ვისწავლეთ სამართალი და მართლმსაჯულება!”, – წერს მარიკა არევაძე.
როგორც ცნობილია, ზუსტად იგივე ვითარებაშია კიდევ ერთი აქტივისტის, გიორგი წულაიას ადმინისტრაციული საქმეც.
