ევროკომისიამ გამოაქვეყნა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიში, რომლის თანახმადაც, საქართველომ არ შეასრულა თითქმის არცერთი რეკომენდაცია და შესაძლოა, სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლა.

„ყველაზე სერიოზული შემთხვევა საქართველოს ეხება, რომელმაც დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ნაკისრი მრავალი ვალდებულება, თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა ვიზების შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშიდან და, მიუხედავად გასული წლების განმავლობაში გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, მიეღწია წინსვლისთვის სავიზო პოლიტიკის დაახლოებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებში, 2024-2025 წლებში კიდევ უფრო დიდი უკუსვლა განიცადა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით“, — ნათქვამია ანგარიშში.

კომისია ასკვნის, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის იმ ძირითად კრიტერიუმებთან მიმართებით, რომლებიც საფუძვლად დაედო უვიზო მიმოსვლის მინიჭებას. ანალოგიურად, საქართველომ უკუსვლა განიცადა სავიზო პოლიტიკის დაახლოებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებშიც.

„ეს ვითარება წარმოადგენს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელ მაგალითს და ძირს უთხრის იმ ორმხრივ ნდობას, რომელსაც უვიზო რეჟიმი ეფუძნება“, — ნათქვამია ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ამჟამად ინარჩუნებს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს 26 ისეთ ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, და 2022 წლის შემდეგ სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, კომისიის შეფასებით, 2024 წელს საქართველომ უკუსვლა განიცადა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო შესვლის უფლების მინიჭებით.

ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველო აგრძელებს ისეთი სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც არსებითად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, რაც განსაკუთრებით გამოიხატება იმ 17 ქვეყნის მოქალაქეების დაშვებაში (რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში), მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე“.

„საქართველოში ინდოეთის და აზიის სხვა ქვეყნების (შედარებით ნაკლები მასშტაბით), ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეების მნიშვნელოვანი შედინება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის მიმართულებით პოტენციურ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, განხორციელდება ეს სახმელეთო თუ საზღვაო გზით“, — წერია დოკუმენტში.

2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 14 530-მა მოქალაქემ მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებული მაჩვენებელია. საქართველოს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებად აფასებს კომისია საინფორმაციო კამპანიებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად. ასევე, დამატებითი ზომების მიღებას შენგენის ზონაში მიმავალი მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლისას შემოწმების შემოღების და Frontex-ის ოფიცრების საერთაშორისო აეროპორტებში განლაგების მხრივ.

„საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ ნარჩუნდება რუსული გავლენის გამო,, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები რუსული დიასპორის სწრაფი ზრდის ფონზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის დაახლოებით 160,000 მოქალაქე გადმოვიდა. მატულობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნა შესაძლოა, უცხოური გავლენის ოპერაციებისთვის იქნას გამოყენებული“, — ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება კორუფციას, ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ არა მხოლოდ ვერ უზრუნველყო ვიზების შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში განსაზღვრული ანტიკორუფციული რეკომენდაციების სათანადო შესრულება, არამედ უკუსვლა განიცადა ამ სფეროში ადრე გატარებული ზოგიერთი რეფორმის გაუქმებით.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო განაგრძობს იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ მინიჭებულ უვიზო რეჟიმს.

ამ უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, კომისია განიხილავს „შესაბამისი ზომების მიღებას ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში“.

„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შესაძლოა შეეხოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებსაც ეკისრებათ პირველადი პასუხისმგებლობა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობაზე. ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში, ვინაიდან დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო გამონაკლისები ვეღარ იმოქმედებს მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფებისთვის ევროკავშირის დონეზე სავიზო მოთხოვნა აღდგება“, — ნათქვამია ანგარიშში.

მეორე ეტაპზე, შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემებს არ მოაგვარებს. ანგარიშის თანახმად, საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო სტატუსი და გადავიდეს სავიზო რეგულაციის I დანართში (იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ).