დღეს, 3 დეკემბერს, სუს-ში მოწმის სახით გამოკითხვაზე კვლავ იბარებენ მოქალაქეებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს.
გამოკითხვაზე დაიბარეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური. მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.
“ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპონდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძლიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუსი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან”, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.
გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ექიმი გოგი ჩახუნაშვილი. BBC-ის გამოძიებაში საუბარია ქართველი ექიმების კვლევის შესახებ, რომლებმაც შეისწავლეს დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში “ტოქსიკოლოგიური მოხსენებები”. აღსანიშნავია, რომ კვლევის საგანი არ ყოფილა ის, თუ რა ნივთიერება გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლში გასაზავებლად. ეს ნივთიერება რომ დიდი ალბათობით ქიმიური იარაღი კამიტე იყო, ამ დასკვნამდე BBC სხვა მასალებზე დაყრდნობით მივიდა.
სავარაუდოა, რომ გოგი ჩახუნაშვილიც მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს გამოკითხვას. მანამდე გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ორივე შვილი, პედიატრი ძმები, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები. ასევე, კვლევის სხვა თანაავტორი ექიმები.
გამოკითხვაზე ასევე დაიბარე საიას იურისტები, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუები მისცეს.
პირველ დეკემბერს გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ, BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს ქიმიური იარაღი “კამიტე” – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება იმავე დღეს გამოაცხადა დეზინფორმაციად, ხოლო სუს-მა, რომელსაც “ოცნების” ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა “უცხოეთის ორგანიზაციად”, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – “მტრულ საქმიანობად”.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაც, რაც პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული, რომელმაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უფლებამოსილებას გადაამეტა. პარალელურად სპეცრაზმის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.
