ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ეხმაურება 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით.

“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ოპოზიციაშია ირანულ/ჩინურ/რუსულ რეჟიმთან, რომელიც ცდილობს ქვეყნის დამორჩილებას”, – წერს ჯო უილსონი.

4 ოქტომბერს ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა. მათ მოქალაქეებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილიყვნენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემ “4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა.

ამის შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილმა, ორგანიზატორების მოწოდებით, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა. მას შემდეგ, რაც მათმა ნაწილმა ათონელის რეზიდენციაში შეჭრა სცადა, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი მივიდა და დემონსტრანტები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. პერიოდულად მწვავდება დაპირისპირება იქ შეკრებულ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე დარჩა.

პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება იზეიმა. პარტიის ოფისში შეკრებილებს სიტყვით მიმართა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც.

“როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და ათი ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს”, – თქვა ივანიშვილმა.