“ვიდრე დსთ-ის წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან.

„ვიდრე დსთ-ის წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიდგომა, რომ თითქოს “ქართული ოცნება” დსთ-ის წევრობის გამო პოლიტიკურ ძალებს პარტნიორ ქვეყნებში არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას, წარსულ პრაქტიკასთან სრულ წინააღმდეგობაშია. წარსულში სომხეთსა და აზერბაიჯანში, იმავე ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევისთვის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არაერთგზის მიულოციათ არჩევნებში გამარჯვება. მეტიც, 2024 წელს “ოცნების” ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდნენ, რატომ არ ულოცავდა ის ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას, რის საპასუხოდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა და გაავრცელა წერილი, რომ ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მიულოცა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც რუსეთის მიერ დომინირებული დსთ-ის დამფუძნებელი წევრები არიან.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. მეორე ადგილზე იგორ დოდონის პრორუსული პოლიტიკური გაერთიანება გავიდა.

2020 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტია, მას არც ერთხელ მიუღია მონაწილეობა დსთ-ის ქვეყნების მეთაურების სამიტში. 2023 წელს კი მოლდოვაში განაცხადეს, რომ დაიწყეს დსთ-ის დატოვების პროცედურა.