“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) განცხადებას ავრცელებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ. მათი შეფასებით, ხაბეიშვილი უკანონოდ დააკავეს.

გარდა ამისა, პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება “ქართული ოცნების” შიშის გამოხატულებაა.

“ნეტგაზეთი” სრულად გთავზობთ ენმ-ის ნაცხადებას.

“დღეს მოღალატე კრიმინალთა რუსულმა ბანდამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აბსურდული ბრალდებით უკანონოდ დააკავა. რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს.

რეჟიმის ამოცანა ნათელია – მათ სურთ საზოგადოებაში შიშის დათესვა და ახალი რეპრესიული ტალღის აგორება. მათი მიზანია პუტინის პირადი ტყვისა და რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოქმედმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისევე როგორც მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ, ხელი აიღოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, უკომპრომისო ბრძოლისგან, რომლის მიზანია, საქართველო გავათავისუფლოთ რუსეთის მეხუთე კოლონის მმართველობისგან და კვლავ დავაყენოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზაზე.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, მას არ მიეცა ადვოკატის დაცვით სარგებლობის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება.

რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ხაზს უსვამდა და მოქალაქეებს რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან მისვლის ნაცვლად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ და ერთად საქართველოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად!”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილი დღეს, 11 ოქტომბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებას. საუბარია რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, როცა ხბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წევრებს და თქვა, რომ “200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში”.

ხაბეიშვილთან ერთად, პოლიციისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს მურთაზ ზოდელავა.

ამავე თემაზე: