„ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი“, — ასე ახსნა პოეტმა ზვიად რატიანმა მის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა.
რატიანის თქმით, ეს იყო სილა ყველასთვის, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ვინც საქართველოში დღეს არსებულ უსამართლობაზე არის პასუხისმგებელი.
„არა მგონია, ბევრი ახნა სჭიდებობეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა ახსენა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი… ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, — განაცხადა რატიანმა.
რატიანმა სასამართლო პროცესზე დაინახა ნინო დათაშვილის საქმის ფიგურანტი მანდატური და თქვა, რომ მისი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი.
ზვიად რატიანი დააკავეს 23 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 25 ივნისს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას 2-თვიანი, ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე.
დაცვის მხარემ მოითხოვა ზვიად რატიანის გათავისუფლება 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო პროკურატურამ — პატიმრობაში დატოვება. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რატიანი პატიმრობაში დატოვა.
ზვიად რატიანის საქმის არსებით განხილვას სასამართლო აგვისტოშივე დაიწყებს – პირველი სხდომა მოსამართლემ 27 აგვისტოს, 12.00 საათზე დანიშნა.
