ადვოკატი დარია სამოდუროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ სინდისის პატიმრებმა, არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

არტემ გრიბულმა და ანტონ ჩეჩინმა 22 ივლისს მშრალი შიმშილობა დაიწყეს. არტიომ გრიბულმა ამის შესახებ წერილი ციხიდან გამოაგზავნა. მას, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად, პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ისინი საქართველოში ახალი ჩამოსული იყვნენ, ჩაერთნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტში და პოლიციის მხრიდან მიზანში ამოღებას სწორედ ამას უკავშირებენ. მათი საქმე ერთ-ერთია რეჟიმის ტყვეთა საქმეებში, რომლებიც ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. სულ 5 ასეთი საქმეა: არტიომ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას საქმე, ანტონ ჩეჩინის საქმე, ნიკუშა კაციას საქმე, გიორგი ახობაძის საქმე და თედო აბრამოვის საქმე. ყველა მათგანი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები ჩადებულია და მათი საქმეები, გამოძიების ეტაპიდანვე და მერე უკვე სასამართლოშიც, მსგავსი სცენარით ვითარდება.

არტიომ გრიბული საკანში ანტონ ჩეჩინთან ერთად ზის. ანტონ ჩეჩინის ცოლის ინფორმაციით, ორივემ ერთდროულად დაიწყო მშრალი შიმშილობა.

წარმოშობით რუსი ახალგაზრდები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პატიმრებად იქცნენ თბილისში, რუსულ საპროტესტო მოძრაობებშიც იღებდნენ მონაწილეობას და საქართველოში მას შემდეგ დაიდეს ბინა, რაც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ.

მოთხოვნების შესრულებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას — არტიომ გრიბულის წერილი ციხიდან