“ქართული ოცნების” წევრი თეა წულუკიანი, მისი დედა და ძმისშვილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივიან.

ამის შესახებ წულუკიანი სოციალურ ქსელში თავად წერს.

სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, სადაც ის ახსენებს თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის “მსხვერპლებს”.

“დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.

მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და…

დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.

უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

“თეას ჩემი ტუჩები არ მოსწონს” , – დაწერა ამ პოსტის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.