გაეროს ბავშვთა კომიტეტმა (CRC) შეაჩერა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა. ინფორმაციას ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.

დღეს, 18 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ  კომიტეტს მიმართეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბენეფიციარის სახელით და მოითხოვეს სასამართლოს აღსრულების შეჩერება. პატარაია ამბობს, რომ გაეროს გადაწყვეტილება პრეცედენტულია და მის საფუძველზე სასამართლოს აღსრულების მოთხოვნა შეუძლიათ სხვა ორგანიზაციების ბენეფიციარებსაც.

პატარაია განმარტავს, რომ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ გაეროს ბავშვთა კომიტეტი სხვა შემთხვევებს უფრო სწრაფად განიხილავს. მისივე თქმით, ქართულ პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არ გაეთვალისწინებინოს გაეროს კომიტეტებისა თუ სტრატსბურგის სასამართლოს გადაწყვტილებები. ამიტომ მოლოდინი აქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც შეცვლის პრაქტიკას.

“გაეროს ბავშვთა კომიტეტმა შეაჩერა სასამართლო ბრძანების აღსრულება. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ამ გადაწყვეტილების შესრულებით საქართველოში დაცულია არა ერთი, არამედ ყველა ბავშვის უფლება. რაც მთავარია, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოვახერხეთ დაგვეცვა ჩვენი ბენეფიციარების – ბავშვების და ქალების უფლებები. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ის გავრცელდება ყველა მსგავს შემთხვევაზე და საქმეზე”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

“გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა შეაჩერა ამ კონკრწტული ბრძანების აღსრულება და აუკრძალა სახელმწიფოს ნებისმიერ ტიპის ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემა. მნიშვნელოვანია, რომ დაცულია ყველა ბავშვი, რომლის შესახებ ინფორმაცია არის საფარში. ყველა ბენეფიციარი, რომლის შესახებ ინფორმაცია არის საფარში და არამხოლოდ საფარში”, – ამბობს ქეთი ბახტაძე, იურისტი, რომელიც “საფარს” კომიტეტთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

“საფარში” აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტიება დაიცავს არა მხლოდ ცალკეული ადამიანების ინტერესებს, არამედ ის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” რეპრესიულ კანონებზე საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისითაც.

“მომხდარი ფაქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ქმნის სამართლებრივ პრეცედენტს: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის სწრაფი რეაგირება გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შესაჩერებლად და, ამავდროულად, ხდება თვალსაჩინო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე თვალს არ ხუჭავს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 ივნისის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ, გადასცენ დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ბოლო 17 თვის განმავლობაში. მათ შორის, ანტიკორუფციულმა მოითხოვა ორგანიზაციის ბენეფიციარების პერსონალური, განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციები. “საფარის” შემთხვევაში ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების პირადი ინფორმაციაც.

ამავე თემაზე: