სომხეთი, ერევანი; ფოტო: ნეტგაზეთი, 2022

ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია, – „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ  სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა ევროკავშირი–სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფარგლებში გამართული განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა, რომელიც ასევე ასახულია ევროკავშირი–სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის (CEPA) შეთანხმებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის ივლისში გადავწყვიტეთ ამ დიალოგის მიმართულებით სვლა. მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა მარაგოსმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომზადების მიმართულებით. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს სექტორული რეფორმების ხელშეწყობას.