ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი სპეკულაციებს უწოდებს ცნობას ცენტრის გაუქმების შესახებ.

თუმცა დღეს, 4 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში წულეისკირი თავადვე ადასტურებს, რომ ცენტრის ფუნქციებს სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. აქამდე ზემოხსენებული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებობდა.

“მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას”, – ნათქვამია თამარა წულეისკირის განცხადებაში.

ცნობა იმის შესახებ, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდებოდა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცენტრის თანამშრომელმა თამარა წულეისკირისგან მიიღო წერილი, რომ ხორციელდებოდა ცენტრის ლიკვიდაცია და მას სამსახურიდან ათავისუფლდბნენ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული, მას ეწოდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თანამშრომლების და ადამიანური რესურსის საკითხი განსაზღვრული იქნება რეორგანიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე.

“რეორგანიზაციის შედეგად საინფორმაციო ცენტრი შეერწყმება ცენტრალურ აპარატს, სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების მართვას და ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნულ თემებზე გაცილებით ეფექტიან კოორდინაციას”.