დღეს, 17 თებერვალს, დაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“. ახალი მოძრაობის წარდგენა გაიმართა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე, მის ძეგლთან.
“მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”, – აცხადებენ მოძრაობის დამფუძნებლები.
მოძრაობის ხედვები და პრიორიტეტები დეტალურადაა ასახული მის მანიფესტსა და პროგრამულ პრიორიტეტებში. უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავებაც, რომელზეც მოძრაობის შიგნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.
დღეს, ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს.
ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
