პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
„ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
„წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე“, — აცხადებს პროკურატურა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, — განაცხადა ცესკომ.
