ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს.
ამის შესახებ მან ესპანურ რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს“, – განაცხადა ბორელმა.
საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ამჟამად როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
ვიქტორ ორბანი არის პირველი და ამასთან, ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
თბილისში ვიზიტით მყოფმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ბრიუსელში ამაზე კამათი მაინც იქნება.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
