საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია; GYLA] 15 საათისთვის მათი საარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მოსაზრებით, „საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“.
მათი დამკვირვებლების ცნობით, ადგილი ჰქონდა:
- ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევას;
- დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლას;
- აგიტაციას;
- უბნების შიგნით და პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვას.
უფრო კონკრეტულად, საია საუბრობს სხვადასხვა დარღვევებზე ქვეყნის მასშტაბით:
- ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი;
- ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს;
- საჩხერის მე-5 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა არასწორად გაფერადებული ბიულეტენის გამოცვლის შესაძლებლობა;
- თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ;
- საბურთალოს ოლქის 73-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში, რის შემდეგაც კომისიამ ის გააბათილა;
- გლდანის ოლქის 63-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ ერთით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა გამოუყენებელ ბიულეტენებში;
- ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები;
- მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ძალადობრივად ჩაყარეს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში;
- მარნეულის 74-ე, ახმეტის – მატნის მე-11 და გორის 22-ე, ისნის მე-9, ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები;
- გორის 84-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მცდელობა და მუქარა ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე;
- გარდაბნის 33-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები.
