18 ოქტომბერს სტამბოლში, რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის “3+3” ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
“მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაზე, ასევე, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაუთმონ მისი (შეთანხმების) სწრაფად დასრულებასა და ხელმოწერას”, – ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაჩქარების მიზნით.
“მხარეებმა განაგრძეს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების თაობაზე და შეთანხმდნენ, რომ დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ მის მოკლე დროში დასასრულებლად”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.
9 სექტემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს გადაეცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავს სრულად შეთანხმებულ ტექსტს.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოკლე დროში მოეწეროს”,- აღნიშნა მან.
News.am-ის ცნობით, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მიდგომა არ შეცვლილა კომუნიკაციების საკითხთან დაკავშირებით და ერევანი ელოდება ბაქოს რეაქციას.
