ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.
“სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა. “
ცესკოს მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობები აქამდეც იყო
“არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება. მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის – საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას,” – აღნიშნულია ცესკო გავრცელებულ განცხადებაში.
