“მოსამართლეთა ერთობის” განცხადებით, ტელეკომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ერთ შემთხვევაში მოსამართლე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ ”ზონდერ მოსამართლედ”, მეორე შემთხვევაში მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად, დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია.

 

“ამ წინააღმდეგობრივი განმარტებების ფონზე ობიექტურ დამკვირებელს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები – რომელია მოსამართლის უნდობლობის საფუძველი? არსებობს კი მოსამართლის მიუკერძოებულობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი? რა მიზანს ემსახურება ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები? უნდა ითქვას, რომ თავად ბატონი ნიკა გვარამია იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. ის არ მალავს, რომ მისი ყველა გამონათქვამი ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომ საქმის განხილვას ჩამოცილდეს კონკრეტული მოსამართლე,”– აღნიშნულია განცხადებაში. 

 

მოსამართლეთა ერთობის განცხადებით,  წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოება, თუ ის არ ზრუნავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.


“ამ ინტერესის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. ეს იმით არის განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის კანონიერ ინტერესებს შორის ღირებულებათა კონფლიქტის დროს ”სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის” საჯარო ინტერესთან ერთად, კონფლიქტის ერთ მხარეს ექცევა ”სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის” ინტერესიც. სწორედ ამიტომ, მართლმსაჯულების (და არა კონკრეტული მოსამართლის) ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: 1. განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაციების გადაცემა არ უნდა გადაიზარდოს ”პარალელურ სასამართლო პროცესში 2. თავიდან უნდა იქნეს აცილებული საზოგადოებაში წინასწარი შთაბეჭდილებისა და განწყობის შექმნის შესაძლებლობა”.

 

საქართველოს მოსამართლეთა ერთობა
საქართველოს მოსამართლეთა ერთობა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ორი კომპონენტის დაუცველობა საფრთხეში აგდებს სასამართლოში სამართლიანი განხილვის ფუნდამეტურ უფლებას, რომელიც გულისხმობს უფლებას მიუკერძოებელ სასამართლოზე. “მოსამართლეთა ერთობა” აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში, კონკრეტულ საქმეზე ნებისმიერი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივ შედეგსაც არ უნდა ადგენდეს ის, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული.

 

“ასოციაცია ”საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს არაა მხოლოდ რიგითი, კონკრეტული შემთხვევა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. მას შეიძლება მიენიჭოს პრეცედენტის მნიშვნელობა და სხვა მრავალ შემთხვევაშიც განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს და დისკუსია გაიმართოს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის კანონიერი ინტერესის დაცვის კუთხითაც და იურიდიული საზოგადოების მხრიდან შეფასება მიეცეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის და მისი წარმომადგენლების მოქმედებები თუ რამდენად ექცევა გამოხატვის თავისუფლების საჯარო ინტერესის ფარგლებში,”–აღნიშნულია განცხადებაში. 

 

“მოსამართლეთა ერთობა” გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, იურიდიული საზოგადოება და თავად მასმედიის წარმომადგენლები საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საზრუნავად არ მიატოვებენ და ერთად ვიზრუნებთ კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარილებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესის დასაცავად. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *