ამერიკულ მხარეს სურს, ისრაელმა გადადოს სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ღაზის სექტორში, რათა მეტი დრო დარჩეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ადამიანთა გათავისუფლებისა და სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად. ამის შესახებ„ნიუ-იორკ ტაიმსი“ [NYT] ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, უფრო კარგად მოემზადოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის – ვაშინგტონში ელიან, რომ ასეთი თავდასხმები, ომის მიმდინარეობასთან ერთად, გახშირდება.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ რესპონდენტების თქმით, აშშ ისრაელს ურჩევს,  კი არ გააუქმოს სახმელეთო ოპერაცია, არამედ მოიცადოს. ის კვლავაც სრულად უჭერს მხარს „ჰამასის“ სრული განადგურების სურვილს.

როგორც „ნიუ-იროკ ტაიმსს“ ოთხმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, სახმელეთო ოპერაცია რამდენჯერმე გადაიდო, მიზეზი კი მათთვის უცნობია. ორი მათგანის მოსაზრებით, ეს სწორედ მძევლების გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.

წყარო ისრაელის პრემიერ-მინისსტრის ოფისიდან ეუბნება „თაიმს ოფ ისრაელს“, რომ აშშ-ის მხრიდან ეს არაა ზეწოლა და მხოლოდ მხარდაჭერაა.

„მართლაც არ არის ზეწოლა. გვაძლევენ რჩევებს, მაგრამ არ გვეუბნებიან, რა გავაკეთოთ და რა არა“, – ამბობს აშშ-ში ისრაელის ელჩი მაიკლ ჰერცოგი.

7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და განურჩევლად დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი პირი კი მძევლად აიყვანეს. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს იქ უკვე 4 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.