3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ 5 ადამიანს კვლავ ეძებენ. ამის შესახებ განცხადება ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების შედეგად ამ დრომდე აღმოჩენილია 28 ადამიანის ცხედარი, მათ შორის 26 იდენტიფიცირებულია, ორი დაღუპულის დნმ კვლევები კი ამჟამად მიმდინარეობს.
“არ არის დარჩენილი კვადრატული მეტრი, რომ არ იქნას შემოწმებული. მოქალაქეთა თხოვნით, გარკვეულ ლოკაციებზე ხელმეორედ გადამუშავდა მიწის მასა. ასევე, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მიმდინარეობს კუნძულების დამუშავება, კალაპოტის ფორმირება”, — განაცხადა მან.
3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. 16 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო.
