პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს უკრაინას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო და ვარაუდობს, რომ კიევი წინასწარ ინფორმირებული იყო სააკაშვილის კანონდარღვევით საქართველოში დაბრუნების შესახებ.
ამასთან, ღარიბაშვილი ამბობს, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„საკვირველი კი არა, გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულანტობით ცდილობს, მთელ მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი. მინდა ახლა საჯაროდ დავსვა კითხვა, მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის თემით ხომ არ ადასტურებს ჩვენ მიერ მანამდე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ. მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება და ამას ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდა მიღებული, და მტკიცებულებები, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოში კონტეინერით შემოიპარა, სააკაშვილმა უკრაინაშიც კანონდარღვევით გადაკვეთა საზღვარი, თუმცა უკრაინამ არათუ გამოძიება დაიწყო, დღემდე იკავებს თანამდებობას.
ღარიბაშვილის თქმით, უკრაინული მხარისთვის წარდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, მძღოლის აღიარება, რომ გია ლორთქიფანიძისგან იღებდა ინსტრუქციებს სააკაშვილის საქართველოში შემოსაყვანად და უკრაინამ არათუ რეაგირება მოახდინა, დააწინაურა ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ.
ირაკლი ღარიბაშვილმა არადიპლომატიურად და ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევად შეაფასა უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის „ვითომ კონსულტაციებისთვის“ თბილისში გამოგზავნა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სიტყვა მეორე ფრონტი უკრაინელების მხრიდან მომდინარეობს და ზელენსკის მრჩევლები ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ არის ომის ხელისუფლება, სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა.
„მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი. ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ 7-10 მილიონი შეიძლება იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა, ანუ დროებით იძულებით გადაადგილებული პირია. ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, ვინც არ უნდა იყოს, გვარს აღარ გავიმეორებ, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულანტზე აკეთებ კომენტარებს, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილისვე თქმით, შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.
„ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ რიგ რეიტინგებში საქართველო არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას უსწრებს.
„ჩვენ არათუ არ ჩამოვრჩებით, ხვალაც, გუშინაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
