სტამბა “რეზონის” ხელმძღვანელ რეზო რაზმაძეს, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 21 ივნისს მიიღო.
რეზო რაზმაძის თქმით, თავდაპირველად პროკურატურამ 7 000-ლარიანი გირაოს შესახებ დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლემ კი მას 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს გვანცა ქველაძეც, რომელიც აცხადებს, რომ მისმა ყოფილმა დამსაქმებელმა, რეზო რაზმაძემ მას ჯერ ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ქველაძე დაეცა და დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გასულ კვირას, 14 ივნისს მოხდა. ამის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად გვანცა ქველაძის მეგობარმა ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ სტამბის უფროსი მას ჯერ “მათხოვარს” უწოდებს, შემდეგ კი მობილურ ტელეფონს აგდებინებს ხელიდან.
გვანცა ქველაძე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ რაზმაძე მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს:
“მე პროცესს არ ვესწრებოდი. პროკურორისგან მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მან შესთავაზა 7 000-ლარიანი გირაო, საბოლოოდ, მოსამართლემ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ახლა თავისუფალია, აგრძელებს მუშაობას და ზეწოლას ახდენს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც უშუალოდ ფაქტის მომსწრენი იყვნენ და ჩვენება აქვთ გამოძიებისთვის მიცემული. თანამშრომლებს ეუბნება, რომ ვიდეო ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ გვანცა ქველაძე პროვოკატორია და რეზო რაზმაძე კარგი უფროსია”, — აცხადებს ქველაძე.
თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს რეზო რაზმაძე და ამაში თავად ქველაძეს სდებს ბრალს:
“ჩემი მხრიდან არანაირი ზეწოლა არ არის მოწმეებზე. პირიქით, მაგის მხრიდან არის… მოწმეებს აგინებენ, აშანტაჟებენ და აშინებენ, ასე რომ ვთქვათ”, — ამბობს რაზმაძე.
ამასთან, მისი თქმით, ადგილზე შესამოწმებლად მისულმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა გამოკითხეს თანამშრომლები და შეამოწმეს სტამბა, თუმცა “ვერაფერი ხელისმოსაჭიდი ვერ იპოვეს”.
როგორც ქველაძემ ნეტგაზეთს უთხრა, შემდეგი სასამართლო პროცესი 10 აგვისტოს გაიმართება.
ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:
სტამბა “რეზონის” თანამშრომლის თქმით, უფროსმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა
