“რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირი, რომელიც ამბობს, რომ „მონა ლიზას“ ყვიროდა, 2000 ლარით დააჯარიმეს.

ნიკა კვიტატიანის თქმით, პოლიციელმა ჩვენების მიცემისას თავადაც დაადასტურა, რომ ის მხოლოდ „მონა ლიზას“ სკანდირებდა.

„მეტი საფუძველი არ ჰქონიათ, მტკიცებულებაც მივიტანე სასამართლოში ვიდეოს სახით, რომ არაფერს ვაშავებ და ამ დროს მაკავებენ, უბრალოდ ვდგავარ და მონა ლიზას ვყვირი“.

ნიკა კვიტატიანი პარლამენტთან 2 მარტს იმყოფებოდა.

„მონა ლიზას ვსკანდირებდი და ამ დროს დამაკავეს, სხვა მიზეზი არ ჰქონიათ, გადამიყვანეს თბილისის მთავარ განყოფილებაში, სადაც 2 დღე გამაჩერეს“, – განაცხადა ნიკა კვიტატიანმა.

მარტის საპროტესტო აქციებზე, ნიკა კვიტატიანის მსგავსად, პოლიციამ არაერთი ადამიანი დააკავა, ხოლო შემდეგ სასამართლომ ფულადი ჯარიმა შეუფარდა. პოლიციელები მათ ძირითადად ედავებოდნენ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას. სასამართლოში პოლიციელები ამბობდნენ, რომ აქციის მონაწილეები იგინებოდნენ და დაკავებისას მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.

ავტორი: თამთა კევლიშვილი