თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა შეხვედრები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თურქეთის სამ პროვინციაში უნდა ჩაეტარებინა. მიზეზი, როგორც თავად წერს, ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

26 აპრილს ერდოღანი ცენტრალური ანატოლიის სამ პროვინციაში უნდა ჩასულიყო. მის მაგივრად ამას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, ფუათ ოქთაი გააკეთებს.

“დღეს სახლში დავისვენებ ექიმების რჩევით. ღვთის ნებით, ხვალ განვაგრძობთ პროგრამას”, — წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.

მანამდე, 25 აპრილის საღამოს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ერდოღანი ცუდად გახდა. ამის გამო პირდაპირი ეთერი დროებით შეჩერდა.

მოგვიანებით, 69 წლის ერდოღანმა თქვა, რომ გადატვირთული საარჩევნო კამპანიის დროს გასტროენტეროლოგიური პრობლემა განუვითარდა.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს უნდა გაიმართოს.

მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა ალიანსი.  მათ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციას რეალისტური შანსი აქვს ერდოღანის წინააღმდეგ, რომელმაც თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადაიყვანა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

ის 20 წელია, ქვეყანას მართავს.

ერდოღანის პოპულარობაზე უარყოფითად აისახა როგორც ინფლაცია და თურქული ლირის გაუფასურება, ისე სახელმწიფოს რეაგირების ხარისხი თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე.