პარლამენტთან სახელმწიფოს მიერ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააჯარიმა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1000-1000 ლარით დაჯარიმებულია 5 პირი, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

14 მარტს პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.