ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თამარა წულეისკირი მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ მისი ფეისბუკ-მეგობრებისა და რეალური ნაცნობების სია, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მისი ქმარი ქვეყნის მოღალატეა.
თამარა წულეისკირის ქმარი დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილია, რომელმაც პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებდა.
“ჩემი “friend”-ების საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)!
ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!
როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.
ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.
მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს”, – დაწერა თამარა წულეისკრიმა ფეისბუკზე, საჯარო წერილში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნვაა.
“ჩვენი გუნდის მიზანია, მოსახლეობას უკეთ გავაცნოთ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოვიპოვოთ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. დასახული მიზნების განხორციელების პროცესში ჩვენ აქტიურად და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიზანში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.
თამარა წულეისკირი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. ცენტრის დირექტორის პოზიციამდე თამარა წულეისკირი მუშაობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში ის იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მრჩევლის, ხოლო შემდეგ დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. დიპლომატიური კარიერა მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბიკაში საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც 2012-2016 წლებში მუშაობდა საკონსულო დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ პასუხისმგებელი იყო პრესისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე.
