„მინდა, მთელ საზოგადოებას მოვულოცო პირველი ასეთი გამარჯვება“, — ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მიერ რუსული კანონპროექტების პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებას.
„მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას მიღებულს ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა — ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არაჩვეულებრივი განწყობა და ხალხის ნება“, — ამბობს სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში.
პრეზიდენტის შეფასებით, ამავდროულად, „ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული“.
„ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის (და გასაგებია, რატომაც) უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ [იმის], რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.
„ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არამხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არაა პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის ის, რითაც ჩვენ სწორად მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს“, — ნათქვამია მიმართვაში.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ამერიკაშია, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს და სხვაგანაც ექნება.
„დღეს საჭიროა, რომ ჩვენ გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა, სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობამ 9 მარტს განაცხადა მის მიერ 7 მარტს მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
უმრავლესობის წევრებმა მალევე წარმოადგინეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელსაც „ამერიკული“ უწოდეს, თუმცა მისთვის სესიაზე კენჭი არ უყრიათ, ისე გააგზავნეს ვენეციის კომისიაში პირველ ვერსიასთან ერთად.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.
